ახალი ამბები

პარლამენტმა საგადასახადო კოდექსი მეორე მოსმენით მიიღო

მთავრობასა და პარლამენტს შორის ხანგრძლივი დავის შედეგად პარლამენტმა დღეს 136 ხმით 13 წინააღმდეგ ახალი საგადასახადო კოდექსის კომპრომისული ვარიანტი მეორე მოსმენით დაამტკიცა. თუმცა კოდექსს მხარი არ დაუჭირა ერთადერთმა ოპოზიციურმა ფრაქციამ “მემარჯვენე ოპოზიციამ”.


საგადასახადო კოდექსი 1 იანვრიდან შევა ძალაში, თუმცა პარლამენტი დაეთანხმა მთავრობის წინადადებას 18%-მდე შემცირებული დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ) 1 ივლისიდან ამოქმედდეს. შესაბამისად 1 ივლისამდე კვლავ დღგ-ს მოქმედი განაკვეთი – 20% იქნება ძალაში.


ამ გადაწყვეტილების სანაცვლოდ მთავრობა დაეთანხმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ალტერნატიულ წინადადებას ქონების გადასახადისა და ავტომანქანების დაბეგვრის წესის შესახებ. კერძოდ, ქონების გადასახდით დაიბერგება მხოლოდ ის ოჯახი, რომლის წლიური შემოსავალიც 40 ათას ლარს აღემატება. ავტომანქანების იმპორტისა და ქონების გადასახადი კი ფიქსირებული დარჩება, ისევ როგორც ეს მოქმედ საგადასხადო კოდექსშია და განისაზღვრება ავტომანქანის სიმძლავრისა და წლოვანების მიხედვით.


გარდა ამისა გათვალისიწნებულია შეღავათები აგრარულ სექტორზე, რაც ასევე მთავრობის მხრიდან კომპრომისად იქნა აღქმული. კერძოდ, სოფლის მეურნეობის პროდუქცია დღგ-ის გადასახადისაგან გათავისუფლდება.


საგადასახადო კოდექსის პროექტის მიხედვით არსებული 22 გადასახადიდან ძალაში 7 გადასახდი დარჩება: საშემოსავლო (20%-დან 12%-მდე მცირდება), სოციალური (33%-დან 20%-მდე დაიწევს), მოგების (20%), დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ, 20%-დან 18%-მდე იკლებს), აქციზი, ქონების (რომელშიც ინტეგრირებულია დღეს ცალკე არსებული მიწის გადასახადი) და გადასახადი სათამაშო ბიზნესისათვის.

Back to top button