
ახალი ამბები
რუსეთმა აფხაზეთთან სარკინიგზო მიმოსვლა აღადგინა, ეკონომიკური სანქციები კი მოხსნა
რუსეთის საინფორმაციო სააგენტო “იტარ-ტასის” ცნობით, 9 დეკემბერს სოჭი-სოხუმის სარკინიგზო მიმოსვლა აღდგა.
მოსკოვსა და სოხუმს შორის სარკინიგზო მიმოსვლა კი 10 დეკემბერს განახლდება.
“იტარ-ტასის” ცნობით, რუსეთმა ასევე მოხსნა შეზღუდვები თვითგამოცხადებული აფხაზეთიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტზე.
რუსეთის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა შეთანხმება აფხაზეთის ყოფილ საპრეზიდენტო კანდიდატებს სერგეი ბაღაფშსა და რაულ ხაჯიმბას შორის, რის შედეგადაც თვითგამოცხადებულ რეგიონში ორთვიანი საარჩევნო კრიზისი დასრულდა.
რუსეთმა, რომელიც სახელისუფლებო კანდიდატს რაულ ხაჯიმბას უჭერდა მხარს, აფხაზეთთან სარკინიგზო მიმოსვლა ჩაკეტა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტი აკრძალა. ეს ნაბიჯი ოპოზიციის ლიდერზე სერგეი ბაღფშზე ზეწოლას ისახავდა მიზნად.