ახალი ამბები

ჟვანია: საკადრო ცვლილებები პრეზიდენტთან კონსულტაციების შემდეგ განხორციელდება

პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას განცხადებით, რომელიც ამჟამად აშშ-ში იმყოფება, საქართველოს მთავრობაში საკადრო ცვლილებების განხორციელება იგეგმება და საბოლოო გადაწყვეტილება მისი სამშობლოში დაბრუნებისა და საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ იქნება მიღებული.


ზურაბ ჟვანიას თქმით, მთავრობაში საკადრო ცვლილებებზე ბოლო ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს მსჯელობა. “ცვლილებები აუცილებლად განხორციელდება, მაგრამ არ ღირს ამ საკითხის დრამატიზირება“, განუცხადა 8 დეკემბერს აშშ-ში ვიზიტად მყოფმა ზურაბ ჟვანიამ ქართველ ჟურნალისტებს.


პრემიერ-მინისტრი არ აკონკრეტებს, თუ რა სახის ცვლილებები განხორციელდება აღმასრულებელ ხელისუფლებაში, მოხდება თუ არა შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების გაერთიანება და აცხადებს, რომ საზოგადოებისთვის ყევლაფერი უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.


პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია თბილისში 11 დეკემბერს დაბრუნდება.


 

Back to top button