
რუსული გაზეთის ცნობით, მოსკოვმა “მიზანში პანკისი ამოიღო“
რუსული გაზეთი „”ნეზავისიმაია გაზეტა“ 10 დეკემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით “პანკისი ისევ მიზანშია ამოღებული“, აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უცნობ წყაროზე დაყრდნობით, რომ რუსეთი “მზად არის გაანადგუროს უცხო ქვეყნების ტერიტორიებზე განლაგებული ტერორისტული ბაზები“.
გაზეთის ვარაუდით, ეს ღონისძიება პირველ რიგში პანკისის ხეობას შეეხება.
“რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წყარო დაჟინებით ითხოვდა ამ ინფორმაციის გამოქვეყნებას, რათა, სავარაუდოდ, ეცნობებინა საქართველოს ხელისუფლებისთვის ამის თაობაზე“, წერს “ნეზავისიმაია გაზეტა“.
რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის კონტრტერორისტული ოპერაციების ცენტრმა 29 ნოემბერს განაცხადა, რომ 200 ჩეჩენი მებრძოლისა და უცხოელი დაქირავებული მებრძოლებისგან შემდგარი ჯგუფი კვლავ პანკისის ხეობაში იმყოფება.
თუმცა, საქართველოს ელჩმა რუსეთში ვალერი ჩეჩელაშვილმა უარყო ეს ინფორმაცია და განაცხადა, რომ პანკისის ხეობას “საქართველოს უშიშროების ძალები აკონტროლებენ“.
სექტემბერში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს უფლება აქვს პრევენციული ზომები განახორციელოს, “რათა გაანადგუროს კრიმინალების თავშესაფარი, თუ საჭირო გახდა, საზღვარგარეთაც“.