ახალი ამბები

აშშ ეუთოს მიერ საზღვრის მონიტორინგის გაგრძელების მომხრეა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა სოფიაში ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ეუთოს საზღვრის მონიტორინგის მანდატი საქართველოში “უნდა გაგრძელდეს“.


“საქართველოში ეუთოს მიერ საზღვრის მონიტორინგი ხელს უწყობს საზღვარზე სტაბილურობის შენარჩუნებას და მისი მანდატი ერთი წლით უნდა გაგრძელდეს. ჩვენ ყველა უნდა დავრწმუნდეთ, რომ მისიას თავისი საქმიანობისთვის საჭირო მხარდაჭერა და რესურსები აქვს”, განაცხადა კოლინ პაუელმა.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც სხდომაში მონაწილეობს, ასევე მოუწოდა ეუთოს მანდატის გაგრძელებისკენ.


“ჩვენ გვჯერა, რომ ეუთოს საზღვრის მონიტორინგის მისია საქართველოში ჩვენი ორგანიზაციის ყველაზე წარმატებული მისიაა, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს საქართველოს საზღვის დაცვის საქმეში საქართველო-რუსეთის საზღვრის ყველაზე არასტაბილურ მონაკვეთებზე. ამიტომ, ჩვენ მხარს ვუჭერთ მისიის გაგრძელებას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის გამო“, განაცხადა ზურაბიშვილმა.


150-მდე უიარაღო დამკვირვებელი ეუთოს წევრი ქვეყნებიდან ოცდაოთხსაათიან მონიტორინგს ახორციელებს რუსეთ-საქართველოს საზღვრის 280-კილომეტრიან მონაკვეთზე, რათა დააკვირდნენ და აღმოჩენის შემთხვევაში განაცხადონ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტების შესახებ.


ეუთოს მისიის განხორციელება 1999 წელს, საქართველოსა და ჩეჩნეთს შორის 82-კილომეტრიანი მონაკვეთის პატრულირებით დაიწყო, რასაც წინ უძღოდა თბილისისა და მოსკოვის ურთიერთბრალდებები შეიარაღებული ჯგუფების მიერ საზღვრის უკანონო გადაკვეთის თაობაზე.


საქართველოს მთავრობის თხოვნით, 2001 წლის დეკემბერში ეუთო დათანხმდა გაეფართოებინა მონიტორინგის მისია ინგუშეთის 58-კილომეტრიან მონაკვეთზე. ხოლო 2002 წლის დეკემბერში ეუთომ კვლავ გააფართოვა მონიტორინგის მისია დაღესტნის მიმართულებით.

Back to top button