
ბაღაფში: ვიცე-პრეზიდენტს ფუნქციები გაეზრდება
აფხაზეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა სერგეი ბაღაფშმა 8 დეკემბერს განაცხადა, რომ ახალი ვიცე-პრეზიდენტის უფლებამოსილება საგრძნობლად გაიზრდება, აცხადებს “ინტერფაქსი“.
ბაღაფშის თქმით, ვიცე-პრეზიდენტის ფუნქციებში ძალოვანი სტრუქტურების და საგარეო პოლიტიკის კურირება შევა.
“რა თქმა უნდა, პრეზიდენტი ისევ იქნება უმაღლესი მთავარსარდალი, რომელიც ასევე განსაზღვრავს რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკას. თუმცა, ვიცე-პრეზიდენტი უხელმძღვანელს საქმიანობას ამ მიმართულებით“, აცხადებს “ინტერფაქსი“ ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით.
თვითგამოცხადებული აფხაზეთის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი ერთდროულად ირჩევა. განმეორებით არჩევნებზე, რომელიც აფხაზეთში 13 იანვრამდე უნდა ჩატარდეს, ბაღაფში პრეზიდენტად იყრის კენჭს, მისი ყოფილი მეტოქე რაულ ხაჯიმბა კი – ვიცე-პრეზიდენტად.