ახალი ამბები

ლავროვი აფხაზეთთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს

“ცხადია, რომ აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრის ხელოვნური მცდელობები უპერსპექტივოა”, განაცხადა 7 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სოფიაში მიმდინარე ეუთოს მინისტრთა საბჭოს მე-12 სხდომაზე გამოსვლისას.


მისი თქმით, რუსეთი, რომელიც “თავის მხრივ ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ აფხაზეთში სიტუაცია სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცეს”, ქართულ და აფხაზურ მხარეთაგან ურთიერთნდობის განმტკიცებისაკენ მიმართულ ნაბიჯებს ელის, “პირველ რიგში ეკონომიკურ სფეროში”.


“რია ნოვოსტის” ცნობით, ლავროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ “აჭარის ავტონომიის პრაქტიკულად გაუქმება არ აღძრავს ნდობას ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსური მოლაპარაკებების პროცესში”.


ქართული მედიის ცნობით, სოფიაში, სადაც ამჟამად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილიც იმყოფება, იგეგმება რუსეთის და საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელთა ორმხრივი შეხვედრა.

მსგავსი/Related

Back to top button