ახალი ამბები

სოხუმი თბილისთან მოლაპარაკებების განახლებისთვის მზადაა

აფხაზეთის მხარე ქართულ-აფხაზური დიალოგის გაგრძელების მზადყოფნას გამოთქვამს. ამის შესახებ თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ახბამ საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან ჰაიდი ტალიავინთან 7 დეკემბერს გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, იუწყება “რია ნოვოსტი”.


“ჩვენ პრობლემის მშვიდობიანი მოგვარების ერთგული ვრჩებით, ამასთან, მოლაპარაკებათა პროცესის განახლების მთავარი პირობა უნდა იყოს ყველა დღემდე მიღებული შეთანხმების დაცვა და აღებული ვალდებულებების შესრულება”, განაცხადა ახბამ. 


აფხაზურმა მხარემ სამშვიდობო დიალოგის შეწყვეტის შესახებ განცხადება მიმდინარე წლის ივლისში მას შემდეგ გააკეთა, რაც ქართველმა მესაზღვრეებმა აფხაზეთის მიმართულებით საქართველოს საზღვაო აკვატორიაში უკანონოდ მცურავ გემს დაუმორჩილებლობის შემდეგ ცეცხლი გაუხნეს.


ახბას თქმით, თუკი ამ საზღვაო ინციდენტს “საერთაშორისო საზოგადოება ადექვატურად შეაფასებს”, მაშინ მოლაპარაკებათა პროცესის განახლება გაადვილდება.

Back to top button