
რუსული პრესა აფხაზეთის შესახებ – 7 დეკემბერი
რუსულ პრესაში აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ყოფილ საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის მიღწეული შეთანხმებას უკრაინის მოვლენებზე არანაკლები ყურადღება დაეთმო. ოპოზიციის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა და სახელისუფლებო კანდიდატმა რაულ ხაჯიმბამ 6 დეკემბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც განმეორებითი არჩევნების ჩატარებას ითვალისწინებს. თვითგამოცხადებული აფხაზეთის მორიგ საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 13 იანვრამდე უნდა გაიმართოს, ბაღაფში პრეზიდენტად, ხაჯიმბა კი – ვიცე-პრეზიდენტად იყრის კენჭს.
გაზეთ “როსიისკაია გაზეტას“ ცნობით, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ვლადისლავ არძინბას და მის ფავორიტ კანდიდატს რაულ ხაჯიმბას კომპრომისზე წასვლა მოუხდათ.
“ფაქტიურად, [დე ფაქტო] ხელისუფლება კომპრომისზე წავიდა, როდესაც ბაღაფშის წინადადების განხილვას დათანხმდა. “ჩერნომორენერგოს“ ხელმძღვანელი [სერგეი ბაღაფში] რაულ ხაჯიმბას დიდი ხანია სთავაზობდა ვიცე-პრეზიდენტის პოსტს, რომელსაც მეტი ძალაუფლება ექნება, ვიდრე ეს აქამდე იყო. ამჟამად, ვიცე-პრეზიდენტს ევალება პრეზიდენტის კონკრეტული დავალებების შესრულება, რაც გულისხმობს, რომ ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა წარმომადგენლობით ხასიათს ატარებს“, წერს “როსიისკაია გაზეტა“.
გაზეთი ასევე აცხადებს, რომ მოლაპარაკებები საკმაოდ რთული იყო და რომ მისი შედეგები ყველასათვის მისაღები არ აღმოჩნდა.
“ოპონენტები დღე და ღამე აგრძელებდნენ მოლაპარაკებებს. თუმცა, რესპუბლიკის ყველა მოქალაქე არ დარჩა კმაყოფილი ამ შეთანხმებით; ზოგიერთს ისიც კი მიაჩნია, რომ მას უღალატეს. ბაღაფშის ათასობით მხარდამჭერი სოხუმში მისი ოფისის წინ შეიკრიბა და მისგან დაგეგმილი ინაუგურაციის ჩატარება მოითხოვა“, აცხადებს “როსიისკაია გაზეტა“.
გაზეთ “კომერსანტის“ ჟურნალისტი 7 დეკემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში სერგეი ბაღაფშის საარჩევნო შტაბთან შექმნილ სიტუაციას აღწერს. შტაბთან შეკრებილი ბაღაფშის მხარდამჭერთა პოზიციები ნათლად მიუთითებს, რომ ისინი სულაც არ არიან კმაყოფილნი თავიანთი ლიდერის გადაწყვეტილებით.
“კომერსანტის“ ცნობით, სერგეი ბაღაფში 6 დეკემბერს ერთსაათიანი შეხვედრის დროს შეეცადა დაერწმუნებინა საკუთარი მხარდამჭერები, რომ შეთანხმების ხელმოწერა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო, რამაც შეიარაღებული კონფრონტაციის თავიდან აცილება განაპირობა.
“შეათანხმეთ ეს გადაწყვეტილება იმ ოპოზიციურ პარტიებთან, რომლებმაც მხარი დაგიჭირეს? … ვინ იქნება იმის გარანტი, რომ არ მოგატყუებენ?… “, ეკითხებოდნენ მხარდამჭერები ბაღაფშს.
ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები 13 იანვრამდე გაიმართება. ბაღაფში პრეზიდენტად იყრის კენჭს, ხაჯიმბა კი – ვიცე-პრეზიდენტად. “იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მხარე დაარღვევს შეთანხმებას, ძალაუფლებაში მეორე მხარე მოვა“, წერს “კომერსანტი“.
“თუმცა, სხვანაირი სცენარიც შესაძლებელია … მოსკოვმა, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებში, შესაძლოა მხარი დაუჭიროს აბსოლუტურად სხვა, ახალ კანდიდატს, რომელიც გახდება ახალი პრეზიდენტი“, ასეთ ვარაუდსაც გამოთქვამს “კომერსანტი“.
გაზეთი “ნეზავისიმაია გაზეტა“ ასევე ამახვილებს ყურადღებას საზოგადოებრივ რეაქციაზე, რომელიც შეთანხმებას მოჰყვა.
“ხაჯიმბასა და ბაღაფშის შტაბებთან შეკრებილი ხალხის განწყობა სულაც არ იყო ოპტიმისტური. “აფსნიპრესის“ ჟურნალისტების მიერ ბაღაფშისა და ხაჯიმბას მხარდამჭერთა შორის წარმოებული გამოკითხვის შედეგებმა უჩვენა, რომ კომპრომისული მდგომარეობა დიდხანს არ გაგრძელდება“, წერს “ნეზავისიმაია გაზეტა“.
გაზეთი თვლის, რომ ბაღაფში აიძულეს კომპრომისზე წასულიყო. მოსკოვის კარნეგის ცენტრის წარმომადგენლის ალექსეი მალაშენკოს სიტყვებზე დაყრდნობით “ნეზავისიმაია გაზეტა“ აცხადებს, რომ ბაღაფშმა ვერ გაუძლო მოსკოვის ზეწოლას.
“უკომპრომისო პოზიციის გამო მოსკოვმა უკვე დასაჯა ბაღაფში, როდესაც ჩაკეტა სარკინიგზო მიმოსვლა აფხაზეთთან და აკრძალა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტი აფხაზეთიდან. თუმცა, მოსკოვი მაინც წაგებული დარჩა ამ სიტუაციაში, რადგანაც დაკარგა ყველაზე მნიშვნელოვანი – აფხაზი ხალხის ნდობა“, განუცხადა პოლიტიკურმა მიმომხილველმა ალექსეი მალაშენკომ “ნეზავისიმაია გაზეტას“.