ახალი ამბები

საგადასახადო კოდექსზე პარლამენტი მთავრობისაგან შემხვედრ კომპრომისებს ელის

დღეს პარლამენტმა საგადასხადო კოდექსის პროექტის, რომლის მრავალი სადავო საკითხის შეთანხმება მთავრობასა და პარლამენტს შორის მოხერხდა,  მეორე მოსმენით განხილვა დაასრულა.


6 დეკემებერს პრეზიდენტ სააკაშვილთან მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრის შემდეგ საგადასხადო კოდექსის გარშემო წარმოქნილი დაპირისპირება განიმუხტა.  კერძოდ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ პარლამენტის სახელით კომპრომისული წინადადება შესთავაზა ფინანსთა მინისტრს ზურაბ ნოღაიდელს და დღგ-ს ახალი 18%-იანი განაკვეთის ამოქმედების 6 თვით გადავადებაზე თანხმობა განაცხადა იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა სანაცვლოდ გაითვალისწინებს ქონების გადასახადისა და ავტომანქანების დაბეგვრასთან დაკავშირებით დეპუტატების მიერ მომზადებულ მოდელს.


“ჩვენ გვესმის, რომ 2005 წლის ბიუჯეტს, რომელიც ახალ კოდექსზეა სრულად აგებული, დაგროვილი სოციალური დავალიანებების სრულად გასტუმრების კეთილშობილური მიზნების გამო 35 მლნ ლარის დეფიციტი ექმნება, ამიტომაც ვთანხმდებით ამ დეფიციტის დღგ-ს გადავადების ხარჯზე შევსებას, რადგან ასევე მიგვაჩნია, რომ კოდექსის დანარჩენი  ნაწილის 1 იანვრიდან ამოქმედება პრინციპულად მნიშვნელოვანია”, აცხადებს რომან გოცირიძე.


პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ ერთ-ერთ კომპრომისულ ვარიანტად გავრცელდა ინფორმაცია საგადასხადო კოდექსის 2005 წლის 1 თებერვლიდან ამოქმედების შესახებ. თუმცა, წარმოდგენილი პროექტით მისი ამოქმედება 1 იანვრიდან არის გათვალისწინებული.


ორმხრივი კომპრომისების შემთხვევაში საგადასახადო კოდექსს მეორე მოსმენით ერთიანად ეყრება კენჭი, ხოლო წინააღმდეგობის შემთხვევაში კი სადავო საკითხები მესამე მოსმენისთვის გადაიდება.


“ჩვენ შეთანხმების გარდა გუშინდელი [პრეზიდენტთან] შეხვედრის შემდეგ სხვა შანსი არ გვაქვს”, განაცხადა 7 დეკემბერს პარლამენტის სხდომაზე ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა.

Back to top button