
აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება რუსეთს ბრალდებებს უყენებს
6 დეკემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში გამოთქმულია შეშფოთება აფხაზეთში მიმდინარე პროცესებისა და რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების ქმედებების გამო.
“რუსეთის ხელისუფლება პოლიტიკური ზეწოლის, მუქარისა და შანტაჟის გზით ახორციელებს აფხაზეთში მცხოვრებთა ნების სრულ იგნორირებას და ხელს უწყობს ქაოსსა და დაპირისპირებას ადგილობრივ მოსახლეობაში”, ნათქვამია განცხადებაში.
აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება აცხადებს, რომ “რუსეთის ფედერაცია ყველა ბერკეტის გამოყენებით ცდილობს წინ აღუდგეს ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებების დაწყების ახლად გაჩენილ შანსს”, თუმცა ხელს უწყობს აფხაზეთის გადაქცევას “კავკასიის რეგიონში მორიგი შეიარაღებული დაპირისპირების კერად, რაზეც მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება რუსეთს”.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭო ადასტურებს რა “თავის ერთგულებას ჩაურევლობის პოლიტიკის მიმართ” მზადყოფნას გამოთქვამს პირდაპირი დიალოგი აწარმოოს იმ მხარესთან, რომელიც წარმოადგენს აფხაზეთში დარჩენილი მოქალაქეების უმრავლესობის ნებას.
პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 3 დეკემბერს განაცხადა, რომ იგი მზად არის თვითგამოცხადებული აფხაზეთის იმ ჯგუფთან დიალოგისთვის, რომელმაც მიუხედავად არჩევნების “არალეგიტიმურობისა”, ამჟამად აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის ნდობა მოიპოვა.