
აშშ საქართველოსთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ახალ ეტაპს იწყებს
თავდაცვის მინისტრის გიორგი ბარამიძის ინფორმაციით, 2005 წლიდან აშშ-სა და საქართველოს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის ახალი ეტაპი დაიწყება. ამის შესახებ 5 დეკემბერს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარის მოადგილესთან გენერალ პიტერ პეისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ახალი, “სტაბილურობის შენარჩუნების ოპერაციების პროგრამის“ ფარგლებში ამერიკელი ინსტრუქტორები საქართველოში ოთხ ბატალიონს მოამზადებენ – ორს მე-11 ბრიგადიდან და ორსაც 21-ე სატანკო ბატალიონიდან.
ამერიკელი ინსტრუქტორების მიერ მომზადებული ბატალიონები მონაწილეობას მიიღებენ სამშვიდობო ოპერაციებში ერაყსა და ავღანეთში.
ბარამიძის ინფორმაციით, ახალი პროგრამის განხორციელებისათვის ამერიკული მხარე დაახლოებით 60 მლნ აშშ დოლარს გამოყოფს. პროგრამის ღირებულების შესახებ ინფორმაციას ჯერ-ჯერობით არ ავრცელებს ამერიკული მხარე.
“თუ რა დაჯდება პროგრამა, ამაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ამერიკა მზად არის დახმარება გაუწიოს საქართველოს და გამოყოს იმ რაოდენობის თანხები, რაც საჭირო იქნება“, განუცხადეს “სივილ ჯორჯიას“ საქართველოში აშშ-ს საელჩოში.
საქართველოში წარმატებით დასრულდა “წვრთნისა და აღჭურვის“ პირველი ამერიკული პროგრამა, რომელიც 2002 წელს დაიწო და შედეგად მომზადდა ოთხი მსუბუქი ქვეითი ბატალიონი და ერთი მექანიზირებული ჯავშოსანი ასეული. “წვრთნისა და აღჭურვის“ პროგრამა აშშ-მ 64 მლნ აშშ დოლარით დააფინანსა.