
ბაღაფში და ხაჯიმბა მოლაპარაკებებს მართავენ, თუმცა უშედეგოდ
რუსული მედიის ცნობით, ოპოზიციის ლიდერი სერგეი ბაღაფში და პრეზიდენტობის სახელისუფლებო კანდიდატი რაულ ხაჯიმბა აფხაზეთში არსებული პოლიტიკური კრიზისის მოგვარების მიზნით მოლაპარაკებებს აწარმოებენ. თუმცა, ორივე მათგანი უარყოფს ინფორმაციას შეთანხმების მიღწევის თაობაზე.
“შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ და ინაუგურაცია დაგეგმილ დღეს, 6 დეკემბერს გაიმართება“, აცხადებს “ინტერფაქსი“ სერგეი ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით.
სერგეი ბაღაფში 3 ოქტომბრის არჩევნებში თავს გამარჯვებულად ცნობს და 6 დეკემბრის ინაუგურაციისთვის ემზადება; თუმცა, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, რომელიც მხარს რაულ ხაჯიმბას უჭერს, აცხადებს, რომ ინაუგურაცია უკანონოა და იგი განმეორებითი არჩევნების გამართვამდე არ გადადგება. არძინბა და ხაჯიმბა განმეორებით არჩევნებს დაჟინებით ითხოვენ.
5 დეკემბერს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა როინ აგრბამ განაცხადა, რომ ხაჯიმბასა და ბაღაფშს შორის შეთანხმება იქნა მიღწეული და უკანასკნელმა უარი განაცხადა თავის გეგმებზე ინაუგურაციის თაობაზე; თუმცა, მოგვიანებით ხაჯიმბამაც კი უარყო ეს ინფორმაცია.