ახალი ამბები

ფინანსური ამნისტია მაღალჩინოსანთა ფართო სპექტრს არ შეეხება

3 დეკემბერს საქართველოს მთავრობამ პარლამენტს სახელმწიფო მოხელეთა ის ნუსხა წარუდგინა, რომლებზეც ე.წ ფინანსური ამნისტია არ გავრცელდება.


კანონი “არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის” შესახებ არ შეეხება პრეზიდენტს, დეპუტატებს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს, მინისტრებსა და მათ მოადგილეებს, კანცელარიის უფროსს და მის მოადგილეს, სახელმწიფო დეპარტამენტების თავმჯდომარეებს, სახელმწიფო ინსპექციების უფროსებს და მათ მოადგილეებს, ასევე სამინისტროების სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს.


საკმაოდ გრძელი ნუსხა გრძელდება ასევე სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელებით; შსს, უშიშროებისა და თავდაცვის სამინისტროთა დეპარტამენტების, ბიუროების და სამმართველოების უფროსებითა და მათი მოადგილეებით, ასევე საბაჟო და საგადასახადო დეპარტამენტების მაღალჩინოსნებით, ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსით და მოადგილეებით; კონტროლის პალატის თავმჯდომარით, მოადგილეებით და პრეზიდიუმის წევრებით.


2004 წლამდე არადეკლარირებული ფინანსები და ქონება არ ეპატიებათ არც ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და საბჭოს წევრებს; ეროვნული უშიროებისა და იუსტიციის საბჭოს წევრებს; მარეგულირებელი კომისიის წევრებს; ცსკ-ოს თავმჯდომარეს, მის მოდგილესა და მდივანს; ასევე გუბერნატორებს და მათ მოადგილეებს, რაიონებისა და ქალაქის გამგებლებს; საკრებულოთა ხელმძღვანელებს.


მთავრობის მიერ წარმოდგენილ ნუსხაში არიან ასევე სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები: მოსამართლეები, გენერალური პროკურორი, მათი მოადგილეები და პროკურატურის მაღალჩინოსნები.


ასევე ამნისტია არ შეეხება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს და იმ საწარმოთა ხელმძღვანელ პირებს, სადაც სახელმწიფო აქციათა 50%-ს ან მეტს ფლობს.


ე.წ ფინანსური ამნისტიის პრეზიდენტის მიერ მოწონებული თავდაპირველი ვარიანტი ამნისტიის გავრცელებას ყველა იმ პირებზე ითვალისიწნებდა, რომელთა მიმართაც სისხლის სამართლის საქმე არ იყო აღძრული. თუმცა მოგვიანებით საპარლამენტო უმრავლესობის ერთი ჯგუფის, რომელსაც დეპუტატი გიგა ბოკერია ედგა სათავეში, დაჟინებული მოთხოვნით მთავრობამ ამნისტირებადი პირების ფართო სპექტრი საგრძნობლად შეამცირა. კერძოდ, კანონპროექტის საბოლოო ვერსიით სახელმწიფო მოხელეთა დიდ ნაწილზე ამნისტია აღარ გავრცელდება.


პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის რომან გოცირიძის შეფასებით წარმოდგენილი ნუსხა ძალიან ვრცელია და “ალბათ მისი შეკვეცა მოხდება”, თუმცა ამას უახლოეს ხანებში თავად პარლამენტი გადაწყვეტს.

Back to top button