
ბაღაფში სააკაშვილის განცხადებას გაღიზიანებით პასუხობს
ტელეკომპანია НТВ-ის ცნობით, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი სერგეი ბაღაფში გაღიზიანებით გამოეხმაურა პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმის თაობაზე, რომ თბილისი მზად არის ბაღაფშთან, როგორც აფხაზეთის მოსახლეობის უმრავლესობის რჩეულთან, დიალოგი გამართოს.
სერგეი ბაღაფშს აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩეულ პრეზიდენტად მიიჩნევს და პარლამენტი მხარს უჭერს, თუმცა მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი ვლადისლავ არძინბა არ სცნობს მის უფლებამოსილებას და 6 დეკემბერს დაგეგმილ ინაუგურაციას “არალეგიტიმურს“ უწოდებს. 2 დეკემბერს რუსეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განცხადება გააკეთეს, რომელშიც აფხაზეთთან საზღვრის ჩაკეტვით დაიმუქრნენ.
ანალიტიკოსთა ვარაუდით, სააკაშვილის განცხადებამ, რომელიც ბაღაფშის მხარდაჭერად აღიქმება, შესაძლოა ოპოზიციის ლიდერს აფხაზეთის მოსახლეობაში ნდობა დააკარგინოს.
ბაღაფშმა სააკაშვილის განცხადებას “პროვოკაცია” უწოდა, რომელიც მიზნად ისახავს გახლეჩას, როგორც აფხაზეთის შიგნით, ასევე აფხაზეთსა და რუსეთს შორის.
“არ ვაპირებ სააკაშვილთან მოლაპარაკებების გამართვას“, განაცხადა ბაღაფშმა.