ახალი ამბები

თბილისი ბაღაფშს დიალოგისკენ, მოსკოვს კი თავშეკავებისკენ მოუწოდებს

საქართველოს ხელისუფლებამ, რომელიც აქამდე “შეგნებულად იკავებდა თავს აფხაზეთის
კრიზისზე საუბრისაგან”, ნათელი გახადა, რომ მოსკოვისგან განსხვავებით, იგი მხარს
დაუჭერს ოპოზიციის ლიდერს სერგეი ბაღაფშს, რომელიც 3 ოქტომბრის არჩევნებში
გამარჯვებული პრეზიდენტია და 6 დეკემბერს დაგეგმილი ინაუგურაციისთვის ემზადება.

 
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 3 დეკემბერს კომენტარი
გააკეთა აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე და სერგეი ბაღაფში არჩეულ პრეზიდენტად
აღიარა; თუმცა, ამავე დროს, 3 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს “არაკანონიერი“
უწოდა.
 
სააკაშვილის თქმით, თბილისი მზად არის აფხაზეთის კონფლიქტის
მოგვარების თაობაზე სამშვიდობო მოლაპარაკებები გამართოს ბაღაფშთან, რომელიც
“აფხაზეთში დარჩენილი მოსახლეობის დიდ უმრავლესობას წარმოადგენს”.

 
ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ინსტიტუტის წარმომადგენლებთან
საუბრისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ აფხაზეთის არჩევნები არალეგიტიმურია,
რადგანაც მოსახლეობის უმეტესობამ, რომელთაც 1992-93 წლების შეიარაღებული კონფლიქტის
დროს იძულებით დატოვეს რეგიონი, ვერ მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში.

 
პრეზიდენტის განცხადებით, დარჩენილი მოსახლეობის უმრავლესობამ
ოპოზიციის ლიდერს სერგეი ბაღაფშს მისცა ხმა.
 
“იურიდიულად აფხაზეთში
ჩატარებული [3 ოქტომბრის საპრეზიდენტო] არჩევნები კანონიერად ვერ ჩაითვლება,
რადგან  არამარტო [დევნილ] ქართველებს, არამედ აფხაზებს, რუსებს, სომხებს,
ებრაელებს და მთელ რიგ ეთნიკურ ჯგუფებს აფხაზეთში დაბრუნება და არჩევნებში
მონაწილეობის მიღება არ შეეძლოთ”, განაცხადა მიხეილ
სააკაშვილმა.
 
“საქართველოს ხელისუფლება მზად არის დიალოგი აწარმოოს
სერგეი ბაღაფშთან, რომელსაც აფხაზეთში დარჩენილი მოსახლეობის აბსოლუტურმა
უმრავლესობამ დაუჭირა მხარი“, დასძინა პრეზიდენტმა.
 
“ამავე დროს
ნურავის ექნება ილუზია, რომ ხელისუფლება ათწლეულების მანძილზე შეეგუება და არ
გადადგამს ნაბიჯებს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ეს ჩვენი მთავარი ამოცანაა;
თუმცა ეს არ მოხდება აფხაზი ხალხის ხარჯზე“, აღნიშნა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.

 
ბაღაფშის ინაუგურაციის დღის მოახლოების პარალელურად საქართველოს
ხელისუფლება ცდილობს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიაპყროს აფხაზეთს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი 2 დეკემბერს საქართველოში
აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს შეხვდა და მათ აფხაზეთში შექმნილი ვითარება
გააცნო.
 
“დღეს მთლიანად საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება
მიქცეულია უკრაინაში მიმდინარე მოვლენების განვითარებისკენ და ამდენად, შეიძლება
ნაკლები ინტერესი და ყურადღება იყოს აფხაზეთის მოვლენების მიმართ. ჩვენ მიგვაჩნია,
რომ ამ დღეებში შეიძლება შეიქმნას ყველაზე საშიში ვითარება აფხაზეთში, რადგან უკვე
ვხედავთ რუსეთის მიერ მიღებულ ზომებს”, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა უცხოელ
დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
 
სალომე
ზურაბიშვილის თქმით, რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების და
გენპროკურორის მოადგილის ჩასვლა სოხუმში “არ არის კარგი ნიშანი და შეიძლება ძალიან
ცუდი ნიშანიც კი იყოს”.
 
მოსკოვმა, რომელიც სახელისუფლებო კანდიდატს
რაულ ხაჯიმბას უჭერს მხარს, უკვე დააწესა შეზღუდვები აფხაზეთს რეგიონთან სარკინიგზო
მიმოსვლის შეწყვეტით და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტის აკრძალვით, რაც
ოპოზიციის ლიდერზე სერგეი ბაღაფშზე ზეწოლას ისახავს მიზნად.
 
სალომე
ზურაბიშვილის თქმით, აფხაზეთის შიგნით ისეთი ბუნებრივი დაძაბულობა არ არის, 
რამაც შეიძლება დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.
 
“დესტაბილიზაცია შეიძლება
მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ექნება სიტუაციაში გარედან
ჩარევას. სწორედ ამიტომ გვინდოდა, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნები ყოფილიყვნენ საქმის
კურსში, რათა გამოიჩინონ უფრო მეტი ყურადღება ამ სიტუაციის მიმართ და თუ აქვთ
საშუალება, გავლენა მოახდინონ იგივე რუსეთზე, მოუწოდონ მათ თავშეკავებისა და
სიფრთხილისკენ”, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.


ამავდროულად, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი ვლადისლავ
არძინბა აცხადებს, რომ მიუხედავად 6 დეკემბერს დაგეგმილი ინაუგურაციისა, იგი
გადადგომას არ აპირებს. პრეზიდენტის პრესსამსახურმა 3 დეკემბერს გაავრცელა
განცხადება, სადაც დე ფაქტო ხელისუფლება უკანონოდ მიიჩნევს 6 დეკემბერს
პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატის სერგეი ბაღაფშის ინაუგურაციისთვის მზადებას.

 
“არსებულ პირობებში აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტს არ გააჩნია
კანონიერი საფუძველი სერგეი ბაღაფშის, როგორც ახლადარჩეული პრეზიდენტის, ცნობისთვის
საზეიმო ცერემონიალი უზრუნველყოს. მას არ შეიძლება გადაეცეს ასევე პრეზიდენტის
ატრიბუტები“, ნათქვამია არძინბას პრესსამსახურის მიერ 3 დეკემბერს გავრცელებულ
განცხადებაში. 
 
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ აფხაზეთის დე
ფაქტო მინისტრთა კაბინეტი “6 დეკემბრის შემდეგაც” დაემორჩილება მოქმედ პრეზიდნეტ
ვლადისლავ არძინბას, რომელიც განმეორებითი არჩევნებამდე უფლებამოსილების შეწყვეტას
არ აპირებს.

მსგავსი/Related

Back to top button