ახალი ამბები

ცხინვალი თბილისის ბრალდებებს უარყოფს

ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების საგანგებო საქმეთა მინისტრი, შერეული საკონტროლო კომისიის(შსკ) თანათავმჯდომარე ბორის ჩოჩიევი უარყოფს სახელმწიფო მინისტრის გოგა ხაინდრავას მიერ 1 დეკემბერს გავრცელებულ ინფორმაციას, ჯავის რაიონში ოსური მხარის მიერ სამხედრო წვრთნების დაწყების შესახებ. ჩოჩიევის კომენტარს 2 დეკემბერს რუსული საინფორმაციო სააგენტო “რეგნუმი“ ავრცელებს.
 
“არც კონფლიქტის ზონაში და არც მის სიახლოვეს სამხედრო წვრთნები არ ჩატარებულა. დაგეგმილი იყო ორდღიანი წვრთნების ჩატარება რეზერვისტებისათვის, თუმცა არ გამართულა“, განაცხადა ბორის ჩოჩიევმა და აქვე დასძინა, რომ სამხრეთ ოსეთში სურვილის შემთხვევაში წვრთნები ნებისმიერ დროს გაიმართება.


ცხინვალი ასევე უარყოფს თბილისის ბრალდებას ოსური მხარის მიერ დემილიტარიზაციის პროცესის ჩაშლის თაობაზე.


“ოსური მხარეც არ ასრულებს სრულად მიღწეულ შეთანხმებას, მაგრამ ეს ისევ ქართველების ქმედებებს უკავშირდება”, აცხადებს 2 დეკემბერს “რია ნოვოსტი” ბორის ჩოჩიევის სიტყვებზე დაყრდნობით.


ჩოჩიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას 1 დეკემბრის განცხადების, სადაც ოსური მხარე დემილიტარიზაციის პროცესის ჩაშლაშია დადანაშაულებული, საპასუხო ბრალდება წაუყენა თბილისს. მისი თქმით, “ქართული მხარე არათუ ასრულებს 5 ნოემბერს სოჭში მიღწეულ შეთანხმებებს, არამედ დამატებით საგუშაგოებს ხსნის კონფლიქტის ზონაში”.  კერძოდ, ჩოჩიევი სოფელ თამარაშენსა და კეხვს შორის 5 ქართული საგუშაგოს გახსნაზე მიუთითებს.


ბორის ჩოჩიევმა ქართული მხარეს ბრალი დასდო ჰუმანიტარული ტვირთების ბლოკირებაშიც, რაც ასევე ტვირთების თავისუფალი გადაადგილების შესახებ სოჭში მიღწეული შეთანხმების დარღვევაა.

Back to top button