
არძინბა: დაგეგმილი ინაუგურაცია უკანონოა
რუსული საინფორმაციო სააგენტო “’რია ნოვოსტი“ აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებას ავრცელებს, სადაც დე ფაქტო ხელისუფლება უკანონოდ მიიჩნევს 6 დეკემბერს პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატის სერგეი ბაღაფშის ინაუგურაციისთვის მზადებას.
“აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტს არ გააჩნია კანონიერი საფუძველი სერგეი ბაღაფშის, როგორც ახლადარჩეული პრეზიდენტის, ცნობისთვის საზეიმო ცერემონიალის უზრუნველსაყოფად. მას არ შეიძლება გადაეცეს ასევე პრეზიდენტის ატრიბუტები“, ნათქვამია 3 დეკემბერს გავრცელებულ არძინბას პრესსამსახურის განცხადებაში.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ აფხაზეთის დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტი “6 დეკემბრის შემდეგაც” დაემორჩილება მოქმედ პრეზიდნეტ ვლადისლავ არძინბას, რომელიც განმეორებითი არჩევნებამდე უფლებამოსილების შეწყვეტას არ აპირებს.
“ქვეყნის მართვის სადავეებს მხოლოდ ხელახალი არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტი აიღებს”, ნათქვამია განცხადებაში.