ახალი ამბები

აფხაზეთში მყოფი რუსი ძალოვანი პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს

რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილემ ვლადიმერ კოლესნიკოვმა, რომელიც აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის ნოდარ ხაშბას მიწვევით იმყოფება, აფხაზეთთან მიმართებაში მთელი რიგი პოლიტიკური განცხადებები გააკეთა, აცხადებს საინფორმაციო სააგენტო “რეგნუმი“. 
 
კოლესნიკოვის თქმით, არ შეიძლება აფხაზეთის ჩეჩნეთთან შედარება, სადაც “კრიმინალები მოდიოდნენ ხელისუფლებაში, რათა თავიანთი ჩრდილოვანი კაპიტალი გამოეყენებინათ და დაცული ყოფილიყვნენ [სახელმწიფოს მიერ]“. ამ კრიმინალთა მიზნები “დაემთხვა რუსეთის მტრების მიზნებს, რომელთაც სჭირდებოდათ ქვეყნის [რუსეთის] გახლეჩის პრეცედენტის შექმნათ“, განაცხადა კოლესნიკოვმა. მისი თქმით, აფხაზეთში კრიმინალი არ ცდილობს ძალაუფლების ხელში ჩაგდებას, არამედ “ის არის ეთნოსი, რომელსაც სურს იცხოვროს და იარსებოს“.


“მე ვიცი ამ ერის სულისკვეთება და მენტალიტეტი“, აღნიშნა კოლესნიკოვმა. “მე კარგად ვიცნობ აფხაზი ხალხის ბედს, განსაკუთრებით მის ინტელიგენციას, რომელიც პრაქტიკულად გაჟლიტეს, როდესაც ქალაქების და მდინარეების სახელები შეცვალეს, როდესაც ეროვნული ენა აკრძალეს, როდესაც საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებიდან მოსახლება გააკულაკეს და აფხაზეთში გადმოასახლეს“.


რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს და ცენტრალური საარჩევნო კომისიის დელეგაციის ვიზიტმა თვითგამოცხადებულ აფხაზეთში ნათელი გახადა, რომ ისინი ოპოზიციის კანდიდატის სერგეი ბაღაფშის ხელისუფლებაში მოსვლას მაქსიმალურად შეეწინააღმდეგებიან.  


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე გააპროტესტა რუსეთის დელეგაციის ვიზიტი.

Back to top button