ახალი ამბები

ზურაბიშვილმა უცხოელ დიპლომატებს აფხაზეთის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი 2 დეკემბერს საქართველოში აკრედიტირებულ ელჩებს შეხვდა და მათ აფხაზეთში შექმნილი ვითარება გააცნო.


“დღეს მთლიანად საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება მიქცეულია უკრაინაში მიმდინარე მოვლენების განვითარებისკენ და ამდენად, შეიძლება ნაკლები ინტერესი და ყურადღება იყოს აფხაზეთის მოვლენების მიმართ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ დღეებში შეიძლება იყოს ყველაზე საშიში ვითარება აფხაზეთში, რადგან უკვე ვხედავთ რუსეთისგან მიღებულ ზომებს,“ განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა უცხოელ დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.


“[ჩვენ] უკვე გავაპროტესტე [რუსეთის] ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების [შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილისა და გენპროკურორის მოადგილის] ჩასვლა სოხუმში და შეხვედრები იქაურ ძალოვან სტრუქტურებთან, რაც არ არის კარგი ნიშანი და შეიძლება იყოს ძალიან ცუდი ნიშანიც,“ დასძინა ზურაბიშვილმა.


მან განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება “არის ძალიან ფრთხილი.“


“ჩვენი პრიორიტეტია დესტაბილიზაცია კი არ მოხდეს აფხაზეთში, პირიქით, სიტუაცია ნორმალიზაციისკენ განვითარდეს და რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს ის მოლაპარაკებები, რომლებიც აუცილებელია სიტუაციის პოლიტიკური გადაწყვეტილებისათვის”, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.


მისი თქმით, აფხაზეთის შიგნით ისეთი ბუნებრივი დაძაბულობა არ არის,  რომ დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.


“დესტაბილიზაცია შეიძლება მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ექნება სიტუაციაში გარედან ჩარევას. სწორედ ამიტომ გვინდოდა, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნები ყოფილიყვნენ საქმის კურსში, გამოიჩინონ უფრო მეტი ყურადღება ამ სიტუაციის მიმართ და თუ აქვთ რამე საშუალება, გავლენა მოახდინონ იგივე რუსეთზე, მოუწოდონ მათ თავშეკავებისა და სიფრთხილისკენ,“ განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


მინისტრის თქმით 13–14 დეკემბერს დაგეგმილია ჟენევის პროცესის ფარგლებში მოლაპარაკებების გამართვა.


“ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი ისე განვითარდება, რომ არავითარი სერიოზული დესტაბილიზაცია არ მოხდება რეგიონში ამ შეხვედრებამდე,“ დასძინა ზურაბიშვილმა.

მსგავსი/Related

Back to top button