ახალი ამბები

თბილისი სამხრეთ ოსეთში სამხედრო წვრთნების ჩატარებას აპროტესტებს

სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავა პროტესტს გამოთქვამს ე.წ. სამხრეთ ოსეთში, ჯავის რაიონში სამხედრო წვრთნების ჩატარების თაობაზე.


დღეს ტელეკომპანია “რუსთავი 2“-თან საუბარში გოგა ხაინდრავამ განაცხადა, რომ იგი საპროტესტო წერილებს გაუგზავნის შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) თანათავმჯდომარეებს ამასთან დაკავშირებით.


“პირადი წერილი გაეგზავნება ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს ვალერი ლოშჩინინს, რომელიც შსკ-ს სხდომებზე რუსულ მხარეს ხშირად წარმოადგენს”, დასძენს ხაინდრავა.


სამხრეთ ოსური მხარის განცხადებით, ჯავის რაიონი, რომელიც თვითგამოცხადებული რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს, კონფლიქტის ზონაში არ შედის. ამიტომ, იქ შესაძლებელია სამხედრო წვრთნების ჩატარება. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 1992 წლის შეთანხმების თანახმად, კონფლიქტის ზონა მოიცავს ტერიტორიას ცხინვალის ცენტრიდან 15 კილომეტრის რადიუსით.


თუმცა, გოგა ხაინდრავა ამ განცხადებას “აბსურდულს“ უწოდებს და აცხადებს, რომ შერეულ საკონტროლო კომისიას წინასწარ უნდა ეცნობოს სამხედრო წვრთნების ჩატარების თაობაზე.


მისი თქმით, ქართულმა მხარემ მრავალჯერ დააყენა კონფლიქტის ზონის და უსაფრთხოების დერეფნის განსაზღვრის საკითხი, თუმცა უშედეგოდ.


“სამწუხაროდ რუსეთი ყველაფერ ამაზე თვალს ხუჭავს“, დასძენს ხაინდრავა.


სახელმწიფო მინისტრი 3 დეკემბერს ცხინვალში ჩასვლას გეგმავს, რათა პირადად გაეცნოს კონფლიქტის ზონაში არსებულ სიტუაციას. 


 

მსგავსი/Related

Back to top button