ახალი ამბები

ბაღაფში რუსეთის მიერ აფხაზეთის ბლოკადის გამო უკან დახევას არ აპირებს

აფხაზეთის ოპოზიციის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა, რომელიც 6 დეკემბერს დაგეგმილი აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტად ინაუგურაციისთვის ემზადება, განაცხადა, რომ იგი არ აპირებს აფხაზეთზე ბლოკადის შესახებ რუსეთის მუქარის გამო უკან დახევას და ინაუგურაციისათვის მზადებას განაგრძობს.  

რუსეთის პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ გენადი ბუკაევმა 1 დეკემბერს განაცხადა, რომ რუსეთი 2 დეკემბრიდან აფხაზეთთან სარკინიგზო მიმოსვლას წყვეტს. მანამდე კრასნოდარის ოლქის გუბერნატორი დაიმუქრა აფხაზეთთან საზღვრის ჩაკეტვით.


“ეს ყველაფერი ერთი ჯაჭვის ნაწილებია – კრასნოდარის გუბერნატორის ალექსანდრე ტკაჩოვის მუქარა, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი რანგის მოხელეების ვიზიტი სოხუმში, ასევე რუსეთის პრემიერ-მინისტრის თანაშემწის განცხადება. ამგვარი ქმედებები მხოლოდ დაძაბულობის გაღვივებას იწვევს რეგიონში. მიუხედავად ზეწოლისა, ინაუგურაციასთან დაკავშირებული გეგმების ოდნავ მაინც შეცვლასაც კი არ ვაპირებთ”, აცხადებს რუსული გაზეთი “ნეზავისიმაია გაზეტა” სერგეი ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით.


“ვფიქრობ, აფხაზეთის ტელევიზია გააშუქებს გენადი ბუკაევის [რუსეთის პრემიერ-მინისტრის თანაშემწის] სულელურ განცხადებას. მოდით ხალხს დავუტოვოთ იმის უფლება, რომ თავად განსაზღვროს ვინ ძაბავს რეალურად სიტუაციას აფხაზეთში“, აცხადებს რუსული გაზეთი “კომერსანტი“ ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით.


სერგეი ბაღაფში აქვე დასძენს, რომ ცალკეული რუსი ჩინოვნიკების განცხადებები “ვერ იქონიებს გავლენას აფხაზი და რუსი ხალხების მეგობრულ ურთიერთობებზე“.

Back to top button