
რუსეთი აფხაზეთიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტს წყვეტს
საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსი“ რუსეთის სამხრეთის ფედერალური ოლქის ძალოვანი სტრუქტურების წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რუსეთმა აფხაზეთიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტი შეაჩერა. იმავე წყაროს ცნობით, იმპორტი 1 დეკემბერს 15:00 საათზე შეწყდა “სანიტარული პრობლემების გამო“, ხოლო სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ღია რჩება.
სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, ძირითადად მანდარინისა და ფორთოხლის, ექსპორტი თვითგამოცხადებული აფხაზეთის ეკონომიკის მთავარ დასაყრდენს, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს. რუსეთის მიერ აფხაზეთის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტის შეწყვეტა განიხილება, როგორც რუსეთის ზეწოლა ოპოზიციის კანდიდატ სერგეი ბაღაფშზე, რომლის ინაუგურაციაც 6 დეკემბერსაა დაგეგმილი.
ბაღაფშმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ აფხაზეთის პროდუქციას რუსულ ბაზარზე გასვლის საშუალება არ მიეცემა, მოიძებნება ალტერნატიული გზებიც. დამკვირვებელთა აზრით, მას მხედველობაში საქართველოსთან ვაჭრობის აღდგენა ჰქონდა.