ახალი ამბები

რუსეთმა აფხაზეთი ბლოკადაში მოაქცია

რუსეთის პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ გენადი ბუკაევმა განაცხადა, რომ რუსეთი 2 დეკემბრიდან აფხაზეთთან სარკინიგზო მიმოსვლას წყვეტს, იუწყება რუსული მედია. ბუკაევის თქმით, “გაძლიერებულია საზღვრის დაცვის, მათ შორის საზღვაო საზღვრის, რეჟიმი“.


ბუკაევის განცხადებით, რუსეთი მზად არის მთლიანად ჩაკეტოს საზღვარი აფხაზეთთან “სერგეი ბაღაფშის შემდგომი არაკონსტიტუციური ქმედებების შემთხვევაში“. რუსეთის ადმინისტრაცია მხარს უჭერს პრეზიდენტ ვლადისლავ არძინბას ძალისხმევას, “რაც რეგიონში სტაბილურობის დამყარებისკენაა მიმართული”, დასძენს რუსეთის ოფიციალური წარმომადგენელი. 


ეს კიდევ ერთი განცხადებაა, რომელიც რუსეთის ხელისუფლების მაღალი რანგის მოხელემ აფხაზეთის ბლოკადასთან დაკავშირებით გააკეთა. უფრო ადრე კრასნოდარის გუბერნატორმა განაცხადა ანალოგიური. მოსკოვის პოზიცია მას შემდეგ გამკაცრდა, რაც აფხაზეთის პარლამენტმა ოპოზიციის კანდიდატი სერგეი ბაღაფში აღიარა პრეზიდენტად. რუსეთი ღიად უჭერს მხარს სახელისუფლებო კანდიდატს რაულ ხაჯიმბას.   

Back to top button