ახალი ამბები

ჟვანია ცხინვალსა და მოსკოვს სოჭის შეთანხმების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს

პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ცხინვალის რეგიონში შეწყვეტილია 5 ნოემბერს სოჭში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტთან ედუარდ კოკოითთან დემილიტარიზაციის თაობაზე მიღწეული შეთანხმების რეალიზების პროცესი.
 
“შეთანხმება დაარღვია ოსურმა მხარემ და ასევე რუსეთმა, რომელმაც მის შესრულებაზე აიღო ვალდებულებები, როგორც მოლაპარაკებებში შუამავალმა”,  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენების განხილვის დროს.
 
“20 ნოემბერი – თარიღი, რომელიც სოჭში დემილიტარიზაციის პროცესის ბოლო ვადად განისაზღვრა, ჩვენს მიერ თავსმოხვეული არ ყოფილა“, დასძინა პრემიერ-მინისტრმა.


გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ცხინვალის რეგიონის დემილიტარიზაციის პროცესის შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭო იმსჯელებს.
 
5 ნოემბერს სოჭში საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დემილიტარიზაციის პროცესი 20 ნოემბრამდე უნდა დასრულებულიყო.  მოგვიანებით, 20 ნოემბერს ვლადიკავკაზში გამართულ შერეული საკონტროლო კომისიის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით დემილიტარიზაციის ბოლო ვადამ 28 ნოემბრამდე გადაიწია.


 

Back to top button