ახალი ამბები

მმართველი პარტია ფინანსური ამნისტიის საკითხზე ვერ თანხმდება

ქართული მედიის ცნობით, წინააღმდეგობა საქართველოს მთავრობასა და “ნაციონალურ მოძრაობას“ შორის საგადასახადო და ფინანსური ამნისტიის შესახებ კანონპროექტის მიღებას მნიშვნელოვნად აფერხებს.


კანონპროექტი 2004 წლის 1 იანვრამდე დაგროვილი საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერას ითვალისწინებს და დამალული ფინანსებისა და ქონების დეკლარირების საშუალებას იძლევა.


თუმცა, წინააღმდეგობას იწვევს იმ პირთა წრის განსაზღვრა, რომელზეც ამნისტია უნდა გავრცელდეს. გაზეთ “რეზონანსის“ და რადიო “თავისუფლების“ ცნობით, საპარლამენტო უმრავლესობაში ორი ჯგუფი არსებობს – ერთი აცხადებს, რომ ამნისტია ფართო სპექტრს უნდა შეეხოს, ხოლო მეორეს მიაჩნია, რომ ამნისტია მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე არ უნდა გავრცელდეს, რადგანაც ეს ანტიკორუფციულ კამპანიას შეაფერხებს.   


ქართული მედიის ვარაუდით, ამ შეუთანხმებლობამ შესაძლოა კანონპროექტის მიღება რამდენიმე თვით გადადოს. ამაზე პარლამენტარები უკვე ღიად საუბრობენ და აცხადებენ, რომ შესაძლოა ამნისტიის მიღება 6 ან 12 თვით გადაიდოს.


თუმცა, რადიო “თავისუფლების“ ცნობით, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა, რომ შეთანხმება იქნება მიღწეული და კანონის განხილვაც მალევე შედგება.  


 


 

Back to top button