
თვითგამოცხადებულ აფხაზეთში ჯარისა და თავდაცვის ხარჯების გაზრდა იგეგმება
თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრი ვიაჩესლავ ეშბა “ვრემია ნოვოსტეი”- სთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ იგეგმება აფხაზეთის თავდაცვის ხარჯების გაორმაგება და შეიარაღებული ძალების რაოდენობის გაზრდა.
ეშბას თქმით, საქართველოს ხელისუფლების ანალოგიური ნაბიჯები უკავშირდება არა ქართული ჯარის ნატოს სტანდარტებთან დაახლოებას, არამედ აფხაზეთის “ძალისმიერი გზით დაბრუნების” მიზნებს.
29 ნოემბერს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ 2005 წლისთვის თავდაცვის სფეროს დაფინანსება მკვეთრად გაიზრდება და თითქმის 200 მლნ ლარს მიაღწევს.
დე ფაქტო თავდაცვის მინისტრი აღიარებს, რომ აფხაზეთის შეიარაღებულ ძალებში, რომელიც 5 ათასამდე რეგულარულ ჯარისკაცსა და 18 ათასს რეზერვისტს ითვლის, არიან, როგორც ბაღაფშის, ისე ხაჯიმბას მომხრეები, მაგრამ “აფხაზეთის მიმართ აგრესიის შემთხვევაში ყველა ერთად დადგება”, აცხადებს ეშბა.