
რუსეთი აფხაზეთში თავის მისიას აგზავნის
ოპოზიციის ლიდერის სერგეი ბაღაფშის აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტად ინაუგურაციამდე ერთი კვირით ადრე, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს და გენერალური პროკურატურის მაღალი რანგის თანამშრომლები, ასევე რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები სოხუმს ესტუმრნენ. ამავდროულად, პრეზიდენტობის სახელისუფლებო კანდიდატი რაულ ხაჯიმბა აცხადებს, რომ ბაღაფშის გამარჯვებას შესაძლოა აფხაზეთის ორ ნაწილად გაყოფა მოჰყვეს.
რუსული საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტის“ ცნობით, აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში შექმნილი ვითარების შესასწავლად სოხუმში რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ჩავიდა, მინისტრის მოადგილის ალექსანდრ ჩეკალინის ხელმძღვანელობით. დელეგაციაში შედის ასევე გენერალური პროკურორის მოადგილე ვლადიმერ კოლესნიკოვი.
“სოხუმში ჩამოვიდა დიდი დელეგაცია, ძირითადად რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, რათა ადგილზე გაეცნონ არსებულ სიტუაციას. მისიის მიზანია დაეხმაროს სამართლის გამარჯვებას. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მიღებული, რესპუბლიკის კონსტიტუციის ფარგლებში მოექცეს“, განაცხადა გენერალური პროკურორის მოადგილემ ვლადიმერ კოლესნიკოვმა თვითგამოცხადებული აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან საუბრისას.
მან ასევე გააკრიტიკა კრასნოდარის რეგიონის გუბერნატორი, რომელიც 23 ნოემბერს აფხაზეთთან საზღვის ჩაკეტვით დაიმუქრა, თუკი აფხაზი ხალხი არ შეიცვლიდა აზრს და ისევ ბაღაფშს აღიარებდა არჩეულ პრეზიდენტად. რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილემ ამ განცხადებას “სულელური“ უწოდა.
საინფორმაციო სააგენტო “იტარ-ტასის” ცნობით, რუსეთის დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან იურისტები და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები.
“ისინი [რუსეთის ცსკ-ის წარმომადგენლები] შეამოწმებენ აფხაზეთის ცსკ-ს დოკუმენტაციას საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით”, განაცხადა აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ნოდარ ხაშბამ 30 ნოემბერს.
“დელეგაცია იმისათვის არ ჩამოსულა, რომ რეკომენდაციები მოგვცეს ჩვენ შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით. ისინი შეცდომების პოვნასა და სიმართლის დადგენაში დაგვეხმარებიან “, დასძინა ხაშბამ.
ამავდროულად, პრეზიდენტობის სახელისუფლებო კანდიდატი რაულ ხაჯიმბა კვლავ პროტესტს გამოთქვამს ბაღაფშის ინაუგურაციასთან დაკავშირებით, რომელიც 6 დეკემბერს იგეგმება და აცხადებს, რომ ინაუგურაციის გამართვის შემთხვევაშიც კი დე ფაქტო პრეზიდენტი ვლადისლავ არძინბა დარჩება ისევ რეგიონის ლიდერად.
“ინტერფაქსის“ ცნობით, პრეზიდენტობის კანდიდატი რაულ ხაჯიმბა ბაღაფშის გაპრეზიდენტების შემთხვევაში აფხაზეთის ორ ეკონომიკურ ზონად გაყოფას არ გამორიცხავს. “ერთი [ეკონომიკური ზონა] იქნება საქართველოსა და აშშ-ს, მეორე კი რუსეთის ნავთობკომპანიის დაქვემდებარებაში“, აცხადებს ხაჯიმბა, თუმცა არ აკონკრეტებს რომელ რუსულ ნავთობკომპანიას გულისხობს.
რაულ ხაჯიმბა დე ფაქტო პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას ინიციატივას იზიარებს და აცხადებს, რომ აფხაზეთის კრიზისიდან გამოყვანის ერთადერთი გზა განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაა. თუმცა, ხაჯიმბას შესაძლებლობები თანთადან სუსტდება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აფხაზეთის პარლამენტმა და უხუცესთა საბჭომ ბაღაფში არჩეულ პრეზიდენტად აღიარეს.