ახალი ამბები

აფხაზეთს რუსეთის შსს და გენერალური პროკურატურის დელეგაცია ესტუმრა

რუსული საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტის“ ცნობით, აფხაზეთის თვითგამოცხადებულ  რესპუბლიკაში შექმნილი ვითარების შესასწავლად სოხუმში რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის მოადგილის ალექსანდრ ჩეკალინის ხელმძღვანელობით ჩავიდა. დელეგაციაში შედის ასევე გენერალური პროკურორის მოადგილე ვლადიმერ კოლესნიკოვი.
 
ალექსანდრე ჩეკალინმა აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს კანონის და დისციპლინის დაცვისკენ მოუწოდა.
 
“ახლა აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წინაშე დგას მხოლოდ ერთი ამოცანა – უზრუნველყოთ ხალხის უსაფრთხოება და გაანეიტრალოს საზოგადოებაში დაპირიპირება”, აცხადებს ჩეკალინი და აქვე დასძენს, “თქვენი ამოცანაა – ექსტრემისტული აქტების, იარაღის გამოყენების და სისხლისღვრის არ დაშვება”.
 
საინფორმაციო სააგენტო “იტარ-ტასის” ცნობით, რუსეთის დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან იურისტები და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები.


“ისინი [რუსეთის ცსკ-ის წარმომადგენლები] შეამოწმებენ აფხაზეთის ცსკ-ს დოკუმენტაციას საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით”, განაცხადა აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ნოდარ ხაშბამ. 


“დელეგაცია იმისათვის არ ჩამოვიდა, რომ რეკომენდაციები მოგვცეს იმის თაობაზე, თუ როგორ მოვიქცეთ. ისინი დაგვეხმარებიან შეცდომების პოვნასა და სიმართლის დადგენაში”, დასძინა ხაშბამ.


“დღეისათვის ჩემი და აფხაზეთის ხელისუფლების პრიორიტეტია თქვენთან ერთად შევძლოთ საზოგადოებაში დაპირისპირების შეჩერება“, განაცხადა რუსეთის დელეგაციასთან შეხვედრის დროს ნოდარ ხაშბამ.


სოხუმში რუსეთის ძალოვანთა ვიზიტს წინ უძღვოდა 26 ნოემბერს დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის ნოდარ ხაშბას ვიზიტი მოსკოვში.

Back to top button