ახალი ამბები

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის ღირებულება 4 მლრდ დოლარამდე გაიზრდება

აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანიის პრეზიდენტმა ნატიკ ალიევმა 29 ნოემბერს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობა დაახლოებით 4 მილიარდი დოლარი დაჯდება. ეს თანხა საწყის ღირებულებას 350-400 მილიონით აღემატება, აცხადებს საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსი“ და AFP.


ნატიკ ალიევმა ღირებულების გაზრდის მოტივად მშენებლობის შეფერხება, ნავთობზე ფასების მომატება და გარემოსდაცვითი ჯგუფების მიერ ნავთობსადენის მარშრუტის საწინააღმდეგო კამპანიები დაასახელა.


ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის ღირებულების ზრდამ გასულ კვირას ExxonMobil-ს უბიძგა განეცხადებინა , რომ იგი არ მიიღებს მონაწილეობას ნავთობსადენის მშენებლობაში და ხელი მოაწერა კონტრაქტს კომპანია Azpetrol-თან 10 მილიონი ტონა აზერბაიჯანული ნავთობის ბაქოდან ბათუმის პორტში ექსპორტირების შესახებ.


AFP-ის ცნობით, რუსულმა ენერგოკომპანია LUKOil-მა ასევე უარი განაცხადა ნავთობსადენის გამოყენებაზე პროექტის გაზრდილი ღირებულების გამო. 


 

Back to top button