ახალი ამბები

ხაჯიმბა: ბაღაფშის გაპრეზიდენტების შემთხვევაში აფხაზეთი ორ ეკონომიკურ ზონად გაიყოფა

რუსული საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციით, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტობის კანდიდატი რაულ ხაჯიმბა მისი კონკურენტის, ოპოზიციონერი სერგეი ბაღაფშის გაპრეზიდენტების შემთხვევაში აფხაზეთის ორ ეკონომიკურ ზონად გაყოფას არ გამორიცხავს.
 
“ერთი [ეკონომიკური ზონა] იქნება საქართველოსა და აშშ-ს, მეორე კი რუსეთის ნავთობკომპანიის დაქვემდებარებაში“, აცხადებს ხაჯიმბა, თუმცა არ აკონკრეტებს რომელ რუსულ ნავთობკომპანიას გულისხობს.
 
რაულ ხაჯიმბა დე ფაქტო პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას ინიციატივას იზიარებს და აცხადებს, რომ აფხაზეთის კრიზისიდან გამოყვანის ერთადერთი გზა განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაა.
 
“ახალი არჩევნების ჩატარებამდე [დე ფაქტო] პრეზიდენტი კვლავ ვლადისლავ არძინბა იქნება”, აცხადებს ხაჯიმბა და დასძენს, “ბაღაფშის ხელისუფლება არაგელიტიმური იქნება“.
 
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის კანონმდებლობით ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 6 დეკემბერს უნდა გაიმართოს, რისთვისაც ემზადება 3 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი სერგეი ბაღაფში.
 
ცოტა ხნის წინ მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ვლადისლავ არძინბამ განაცხადა, რომ იგი არ აპირებს 6 დეკემბრის შემდეგ უფლებამოსილების მოხსნას.


 

Back to top button