ახალი ამბები

სააკაშვილი “ვარდების რევოლუციის“ შემდგომ პროგრესზე საუბრობს

International Herald Tribune-მა 30 ნოემბერს გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში “ვარდების რევოლუციის“ შემდეგ განვითარებულ მოვლენებს მიმოიხილავს.


სტატიაში მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის ძირითად პრიორიტეტებზე საუბრობს და აცხადებს, რომ “ჩვენ უნდა გამოვიყენოთ საქართველოს პოტენციალი“. 


“ჩვენ განვაგრძობთ ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ, დავიცავთ საქართველოს საზღვრებს და შევქმნით ყველანაირ პირობას ეკონომიკური განვითარებისთვის. ასევე ძალაში რჩება ჩვენი მიზანი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის თაობაზე“, აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.


“თუმცა წინ რთული დღეები გველის“, დასძენს იგი.


“ჩვენ ძალღონეს არ ვიშურებთ, რათა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეინტეგრაციას მშვიდობიანი გზით მივაღწიოთ. ჩვენ ვთხოვეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს უფრო აქტიურად ჩაერთონ მიმდინარე პროცესებში. ჩვენს მიერ ფართო ავტონომიის შეთავაზება სამხრეთ ოსეთისთვის უპრეცედენტო ფაქტია და ჩვენ კვლავაც ვიმუშავებთ საერთაშორისო საზოგადოებასთან საკითხის მოგვარების მიზნით. აფხაზეთში ვითარება უფრო რთულადაა. თუმცა, ჩვენ თავდაუზოგავად ვმუშაობთ, როგორც თვითგამოცხადებული რეგიონის წარმომადგენლებთან, ასევე მეზობელ რუსეთთან – და დარწმუნებული ვარ, რომ მშვიდობიანად მოვუშუშებთ ქართულ ერს იარებს“.


სააკაშვილმა ყურადღება გაამახვილა მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკაზეც. “ჩვენ ახალი საპრივატიზაციო პოლიტიკა წამოვიწყეთ… ვყიდით ყველაფერს, რაც მთავრობას არ სჭირდება“, აღნიშნავს პრეზიდენტი.


სააკაშვილის თქმით,  “ვარდების რევოლუციის” ქართული მესიჯი ფართოდ ვრცელდება რეგიონში.


“…დემოკრატია უნივერსალურია და შესაძლოა წარმატებასაც მიაღწიოს ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში“, აცხადებს სააკაშვილი და დასძენს, რომ საქართველო “ყურადღებით ადევნებს თვალს უკრაინაში მიმდინარე ანალოგიურ მოვლენებს“. 


 

Back to top button