ახალი ამბები

თბილისში ქართულ-იტალიური ბიზნესფორუმი გაიხსნა

თბილისში 29 ნოემბერს ორდღიანი ბიზნესფორუმი გაიხსნა, რომელშიც მონაწილეობას ქართული და იტალიური ბიზნესწრეების წარმომადგენლები იღებენ. 


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს იტალიური ინვესტიციების მოზიდვა სურს. “იტალიასთან და იტალიის ბიზნესსაზოგადოებასთან ურთიერთობები ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია“, განაცხადა ჟვანიამ.


თუმცა, სხდომაში მონაწილე ბიზნესმენთა დიდმა ნაწილმა საქართველოში საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესების სურვილი გამოთქვა, აცხადებს “ინტერპრესი“.


23-24 ნოემბერს საქართველოში ვიზიტის დროს იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მარგერიტა ბონივერიმ და მისმა ქართველმა კოლეგამ კახა სიხარულიძემ ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, სადაც მხარეთა მთავრობები გამოხატავენ ნებას შეიქმნას იტალიურ-ქართული ეკონომიკური, სამრეწველო და ფინანსური თანამშრომლობის საბჭო (საკონსულტაციო ფორუმი), რომელიც კოორდინაციას გაუწევს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ საქმიანობას.


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იტალიაში ოფიციალურ ვიზიტს 2005 წლის მარტის დასაწყისში გეგმავს.
 

Back to top button