ახალი ამბები

აზერბაიჯანი საქართველოს კუთვნილ ტვირთებს გამოატარებს

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე აზერბაიჯანული მხარის მიერ სატვირთო მატარებლების ბლოკირების გამო დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში აზერბაიჯანის სრულუფლებიანი ელჩი რამიზ კასანოვი დაიბარეს.
 
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან მიხეილ უკლებასთან ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ რამიზ კასანოვმა განაცხადა, რომ ის ტვირთები, რომლებიც უშუალოდ საქართველოსთვის არის განკუთვნილი არ შეჩერდება. “დანარჩენი ტვირთების გადაადგილების მისამართს აზერბაიჯანის საბაჟო უწყება ადგენს“, განუცხადა დღეს ჟურნალისტებს აზერბაიჯანის ელჩმა.
 
“თუ ბლოკირებული ტვირთები სომხეთში მიემართება, ეს ეწინააღმდეგება აზერბაიჯანის ეროვნულ ინტერესებს“, აცხადებს რამიზ კასანოვი.
 
სატვირთო მატარებლების მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებით 29 ნოემბერს კომენტარი პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამაც გააკეთა და განაცხადა, რომ დრამატიზირება საჭირო არ არის და ყველაფერს აზერბაიჯანისა და საქართველოს შესაბამისი უწყებები გაარკვევენ. 
 
საქართელოს საზღვართან აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სატვირთო მატარებლების გაჩერების შესახებ ინფორმაცია 27 ნოემბერს გავრცელდა, თუმცა საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის თავმჯდომარის დავით ონოფრიშვილის განმარტებით, 900-მდე ვაგონი უკვე ერთი კვირაა, რაც ბლოკირებულია. 
 
შექმნილ სიტუაციაში ადგილზე გასარკვევად ბაქოში 28 ნოემბერს რკინიგზის დეპარტამენტის დელეგაცია გაემგზავრა.

Back to top button