ახალი ამბები

რუსული მედიის ცნობით, პანკისში ჩეჩენი მებრძოლები იმალებიან

ჩრდილოეთ კავკასიის ანტიტერორისტული ოპერაციების ცენტრის ინფორმაციით, ჩეჩენი მებრძოლები და უცხოელი დაქირავებული ჯგუფები კვლავ პანკისის ხეობაში იმყოფებიან, აცხადებს “‘რია ნოვოსტი“ 29 ნოემბერს.


“[მებრძოლთა] ერთი ჯგუფი, რომელიც დუისისა და ხალაწანის მიმდებარე ტერიტორიებში იმყოფება, რუსლან გილაევის [ჩეჩენ მეამბოხეთა ლიდერის, რომელიც რუსმა სამხედროებმა თებერვალში მოკლეს] 200 მხარდამჭერისგან შედგება. მეორე ჯგუფი კი, რომელიც 50-მდე მებრძოლს ითვლის, ხეობის ჩრდილოეთ ნაწილშია განლაგებული“, აცხადებს “რია ნოვოსტი“ ჩრდილოეთ კავკასიის ანტიტერორისტული ოპერაციების ცენტრის წარმომადგენელზე დაყრდნობით.


მისი თქმით, სოფელ ბირკიანის მახლობლად დაბანაკებულია ასევე მესამე 30-კაციანი ჯგუფი, რომელიც ძირითად უცხოელი “თურქულად მოლაპარაკე” დაქირავებული მებრძოლებისგან შედგება.


“ბანდიტურ დაჯგუფებებს ხელმძღვანელობენ საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების აქტივისტები აბუ ატია და აბუ რაბია“, აცხადებს წყარო.


აბუ რაბიას შესახებ ინფორმაცია არ არსებობს; თუმცა, აბუ ატიას სახელმა პირველად 2003 წელს გაიჟღერა, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ აბუ ატია ალ-ქაიდას ტერორისტული ქსელის პანკისის ნაწილის ლიდერია.


“რია ნოვოსტი“ იმავე წყაროზე დაყრდობით აცხადებს, რომ მებრძოლები ადგილობრივი ქისტი მოსახლეობის დაშინებით ცდილობენ მათი შეიარაღებულ ჯგუფებში ჩართვას.


თუმცა,რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ვალერი ჩეჩელაშვილის განცხადებით, პანკისის ხეობაში “არანაირი ბოევიკები და ბანდები არ არსებობენ”. ჩეჩელაშვილის კომენტარს 29 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 


ვალერი ჩეჩელაშვილის განცხადებით, პანკისის ხეობას საქართველოს უშიშროების სტრუქტურები აკონტროლებენ.  ასევე “რუსეთისა და საქართველოს ძალოვანი სტრუქტურები, მათ შორის მესაზღვრეები [ერთმანეთთან] თანამშრომლობენ; ბოევიკების შესახებ ინფორმაციას [რუსეთის ძალოვნები] ქართველ კოლეგებს რომ უგზავნიდნენ, ეს უფრო ადექვატური საშუალება იქნებოდა მათთან საბრძოლველად”, აცხადებს ჩეჩელაშვილი.


მისი თქმით,  პანკისის ხეობაში ამ ბანდების არსებობა, მითუმეტეს ასობით ადამიანის შემადგენლობით, შეუძლებელია. “სამწუხაროდ, მსგავსი შეტყობინებების გამო იქმნება საერთო ნეგატიური ფონი საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებში”, დასძენს საქართველოს ელჩი რუსეთის ფედერაციაში. 


    


 

Back to top button