ახალი ამბები

პარლამენტმა “უმაღლესი განათლების შესახებ” კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

დღეს საქართველოს პარლამენტმა 143 ხმით 10-ის წინააღმდეგ უმაღლესი განათლების შესახებ კანონპროექტს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი.


“კანონპროექტის მიზანია უმაღლესი განათლების სფეროში რეფორმების გატარება, რითაც საქართველო ევროპის ერთიანი საგანმანათლებლო სივრცის შემადგენელი ნაწილი გახდება”, განაცხადა განათლების მინისტრმა ალექსანდრე ლომაიამ პარლამენტის 25 ნოემბრის სხდომაზე კანონპროექტის განხილვის დროს.


კანონპროექტი, რომელზეც მუშაობა 2000 წლიდან დაიწყო, 5 ძირითად პრინციპზეა აგებული, რომელთაგანაც უმთავრესია უმაღლესი სასწავლებლების ავტონომიურობა, თვითმმართველობის დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრება და საუნივერსიტეტო მმართველობაში აკადემიური და სამეურნეო ფუნქციების ერთმანეთისაგან გამიჯვნა.


კანონპროექტის მიღებას შეეწინააღმდეგა ერთადერთი ოპოზიციური ფრაქცია პარლამენტში “მემარჯვენე ოპოზიცია”. ოპოზიციამ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ასევე გაახმოვანა კანონპროექტისადმი კრიტიკული წერილის შინაარსი, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორმა პრორექტორმა საკანონმდებლო ორგანოს გაუგზავნა.


 

Back to top button