
ბაღაფში რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვის მუქარას აპროტესტებს
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტობის ოპოზიციონერმა კანდიდატმა სერგეი ბაღაფშმა დაგმო 23 ნოემბერს კრასნოდარის მხარის გუბერნატორის ალექსანდრე ტკაჩოვის განცხადება ფსოუზე არსებული საზღვრის შესაძლო ჩაკეტვასთან დაკავშირებით.
“კრასნოდარის გუბერნატორის განცხადებას მე და ჩემი შტაბი ვაფასებთ, როგორც შანტაჟს და პოლიტიკურ პროვოკაციას“, განაცხადა პრესკონფერენციაზე სერგეი ბაღაფშმა 24 ნოემბერს და დასძინა, რომ “რუსეთ-აფხაზეთის საზღვრის ჩაკეტვა ეს ქართველი რევანშისტების ოცნებაა”.
პრეზიდენტობის სახელისუფლებო კანდიდატის რაულ ხაჯიმბას თქმით კი, ტკაჩოვის განცხადება “არა მხოლოდ მისი, არამედ რუსეთის ხელმძღვანელობის პოზიციაა, თუმცა ეს არც არის გასაკვირი, რადგან მოსკოვში ვიზიტისას მსგავსი ნაბიჯების [საზღვრის ჩაკეტვის] შესახებ მინიშნებები გაკეთდა”, აცხადებს 24 ნოემბერს სააგენტო “რეგნუმი” ხაჯიმბას სიტყვებზე დაყრდობით.
რუსული საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციით, 23 ნოემბერს კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა ალექსანდრე ტკაჩოვმა აფხაზეთთან საზღვრის შესაძლო ჩაკეტვის შესახებ განაცხადა, იმ შემთხვევაში “თუ აფხაზი ხალხი გონს არ მოეგება და პრეზიდენტად ბაღაფშს აღიარებს, რომლის უკანაც კრიმინალური და ანტირუსული ძალები დგანან”. ტკაჩოვი აფხაზებს პენსიის შეწყვეტითაც დაემუქრა და შეახსენა, რომ მათ პენსიებს რუსეთი უხდის.