
სააკაშვილი: ჩვენ ვემზადებით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის
23 ნოემბერს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქართულ ტელეკომპანიებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის ხელისუფლება კონკრეტულ მომენტს ელოდება.
“ეს დროის საქმეა და ჩვენ ვემზადებით ამისთვის, დრო კი ჩვენზე მუშაობს, დადგება რაღაც მომენტი, როცა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ კონფლიქტები [აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონში]”, აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
“აფხაზეთში ვაკონტროლებთ სიტუაციას და გარკვეული ბერკეტებიც გაგვაჩნია”, მაგრამ პრეზიდენტის განცხადებით, აფხაზეთში შექმნილ კრიზისში “ჩვენი საჯარო და ზედმეტი აქტიურობა მტრის წისქვილზე დაასხამდა წყალს”.
“აფხაზები და ოსები ჩვენი ძმები არიან, თუმცა ის აფხაზი ან ოსი, რომელიც იტყვის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არ ცხოვრობს, ჩვენი მტერი იქნება”, აცხადებს სააკაშვილი.
მისი თქმით, საქართველოს არ სურს ომი, მაგრამ “ყველა ქართველს უნდა შეეძლოს საკუთარი სამშობლოს დაცვა”.