ახალი ამბები

ხაშბა: აფხაზეთში ვითარების გამწვავებაზე პასუხისმგებლობა ბაღაფს და ხაჯინბას დაეკისრება

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნოდარ ხაშბა პრეზიდენტობის კანდიდატს ოპოზიციონერ სერგეი ბაღაფს მოუწოდებს გაათავისუფლოს სამთავრობო ადმინისტრაცია, რომელიც 12 ნოემბერს ბაღაფშის მომხრეებმა დაიკავეს, ხოლო სახელისუფლებო კანდიდატ რაულ ხაჯინბასაგან საკუთარი მომხრეებისაგან აფხაზეთის ტელევიზიის შენობის გათავისუფლებას მოითხოვს.
 
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ. ტელეკომპანია НТВ-ს ინფორმაციით, “მოთხოვნის შეუსრულების შემთხვევაში აფხაზეთის ხელისუფლება ბაღაფშსა და ხაჯინბას აკისრებს პასუხისმგებლობას მოვლენათა შემდგომ განვითარებაზე”, აცხადებს ხაშბა.
 
ნოდარ ხაშბა ასევე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას დე ფაქტო მთავრობის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით. დღეს სხვადასხვა სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ აფხაზეთის ხელისუფლება გადადგება იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტობის კანდიდატები არ შეასრულებენ ბრძანებას და არ დატოვებენ შენობებს.
 
“ჩვენ [მთავრობა] ვრჩებით ადგილებზე, რადგან დღეს მხოლოდ მთავრობას შეუძლია შეაჩეროს კრიზისი. როცა დავინახავთ, რომ მთავრობაზე აღარაფერია დამოკიდებული, მაშინ ვიფიქრებთ წასვლაზე“, აცხადებს ხაშბა.

მსგავსი/Related

Back to top button