ახალი ამბები

ქართული მხარის ცნობით, ცხინვალის რეგიონში დემილიტარიზაციის პროცესი შეჩერებულია

ლიახვის ხეობიდან პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის გურამ ვახტანგაშვილის ინფორმაციით, ცხინვალის რეგიონში დემილიტარიზაციის პროცესი შეჩერებულია.

დემილიტარიზაციის პროცესის მიმდინარეობა “სივილ ჯორჯიასთან” საუბარში არ დაადასტურა არც კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გოგა ხაინდრავას თანაშემწემ ირაკლი ანთაძემ.


“ოსურ მხარეს მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, რეგიონში არსებული შეიარაღებული ფორმირებების გასაყვანად არაფერი გაუკეთებია. დემილიტარიზაციის პროცესი შეჩერებულია“, განუცხადა 26 ნოემბერს “სივილ  ჯორჯიას“ დეპუტატმა გურამ ვახტანგაშვილმა.


მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის რეგიონში ვითარება მშვიდია. “ორი დღეა, რაც კონფლიქტის ზონაში სროლები არ დაფიქისრებულა“.
 
19-20 ნოემბერს ვლადიკავკაზში გამართულ შერეული საკონტროლო კომისიის სხდომაზე გადაწყდა, რომ დემილიტარიზაციის პროცესი სამ ეტაპად განხორციელდება და სავარაუდოდ, 28 ნოემბრამდე გასტანს.
 
კონფლიქტის ზონის განიარაღების პირველი ეტაპი სანგრების ლიკვიდაცია, მეორე – მძიმე ტექნიკის და შეიარაღების გაყვანა, ხოლო საბოლოო ეტაპი ადგილობრივი მოსახლეობის განიარაღება იქნება.
 
კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციის შესახებ შეთანხმებას 5 ნოემბერს სოჭში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა მოაწერეს ხელი.


 

Back to top button