ახალი ამბები

სააკაშვილის მთავარი პრიორიტეტი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყრილობაზე ხელისუფლების მთავარ პრიორიტეტებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მთავარი ამოცანა საქართველოს მთლიანობა, ქვეყნის დემოკრატიული პრინციპებით მოწყობა და კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებაა, როგორც რუსეთთან ისე სხვა ქვეყნებთან.
 
“აფხაზეთი დასაბრუნებელია, საქართველო გასაერთიანებელია. ამ საკითხის ეჭვქვეშ დაყენება ჩვენთვის მიუღებელია. საქართველო იქნება მთლიანი და თავისუფალი, მაშინ როდესაც როკის გვირაბზე (ე.წ. სამხრეთ ოსეთი) და ფსოუზე (აფხაზეთი) იფრიალებს საქართველოს ულამაზესი ხუთჯვრიანი დროშა“, განაცხადა დღეს ყრილობაზე გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა.
 
“მინდა იცოდეს ყველამ, რომ საქართველოს ერთიანობა ჯერ არ არის მიღწეული და ეს იქნება დიდ სიძნელეებთან და ჩვენი საზოგადოების მხრიდან დიდ მსხვერპლთან დაკავშირებული. ჩვენ უნდა გვესმოდეს ეს. ქართველობა თავს სწირავდა სხვა ქვეყნებისთვის, საქართველოსთვის თავგანწირვა კი ყველაზე დიდი ღირსებაა”, აცხადებს სააკაშვილი.
 
პრეზიდენტის თქმით, ხელისუფლებას სურს კარგი ურთიერთობა ჰქონდეს ყველა  მეზობელთან, პირველ რიგში რუსეთთან, “ასევე პირველ რიგშია ყველა სახელმწიფო: თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი“.
 
“ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენთან ურთიერთობების წითელი ზღვარი გადის იქ, სადაც იწყება საქართველოს თავისუფლება. ნებისმიერ დათმობაზე წავალთ, მაგრამ არა საქართველოს მთლიანობის, დამოუკიდებლობის ხარჯზე“, აცხადებს პრეზიდენტი.
 
პრეზიდენტის მოსაზრებით, საქართველო იქნება ბოლომდე თავისუფალი, როდესაც მის ისტორიულ მიწაზე აღარ იქნება არც ერთი უცხო ქვეყნის ჯარისკაცი. “ამას ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ, როდესაც ვიქნებით ერთიანები. “ძალა ერთობაშია“.
 
მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ გამოსვლაში სამი მთავარი პრინციპი ჩამოაყალიბა –   საქართველოში წესრიგი უნდა ემყარებოდეს კანონის უზენაესობას, ამაღლდეს სამოქალაქო შეგნება და მესამეც, საქართველოს ყველა ეროვნების მოქალაქე ქართულ პოლიტიკურ სივრცეში უნდა ინტეგრირდეს.
 
“საქართველოში წინსვლის მხოლოდ ორი კრიტერიუმი არსებობს  – ეს არის პოფესიონალიზმი და საქართველოსადმი ერთგულება, სადაც ეროვნულ წარმომავლობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს”, აცხადებს პრეზიდენტი.
 
“ჩვენ ვუცხადებთ ომს გაჭირვებას, სიღარიბეს და ჩვენ ამ ომში აუცილებლად გავიმარჯვებთ. ჩვენ ვიბრუნებთ საქართველოს და ეს ჩვენ მთავარ ლოზუნგად რჩება”, განაცხადა პრეზიდენტმა.

მსგავსი/Related

Back to top button