ახალი ამბები

შერეული საკონტროლო კომისია დემილიტარიზაციის დეტალებზე შეთანხმდა

19-20 ნოემბერს ვლადიკავკაზში გამართული შერეული საკონტროლო კომისიის სხდომა მიესალმა სამხეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში დაწყებულ დემილიტარიზაციის პროცესს, აცხადებს საინფორმაციო სააგენტო “რეგნუმი“ 22 ნოემბერს.   


შერეულმა საკონტროლო კომისიამ 20 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება დიდი ლიახვის ხეობის ქართულ სოფლებში შერეული სამშვიდობო ძალების დამატებითი საგუშაგოების გახსნის თაობაზე.


კონფლიქტის მხარეებმა 25 ნოემბრამდე დიდი ლიახვის ხეობაში არსებული სამხედრო სიმაგრეების ზუსტი სქემა უნდა წარადგინონ. შერეულმა სამშვიდობო ძალებმა  ეუთოს დამკვირვებლებთან ერთად უნდა განახორციელონ მონიტორინგი ამ სიმაგრეების ლიკვიდაციაზე, რომელიც 28 ნოემბრამდე უნდა დასრულდეს. 


შერეული საკონტროლო კომისია მიესალმა ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტის ალექსანდრე ძასოზოვის წინადადებას “ხელსაყრელი ეკონომიკური ზონის“ შექმნის თაობაზე, რომელშიც სამხრეთ ოსეთიც შევა. კომისია შეთანხმდა ჩამოაყალიბოს ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც ამ საკითხებზე იმუშავებს.


ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძასოხოვმა 20 ნოემბერს ვლადიკავკაზში შერეული საკონტროლო კომისიის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ “ხელსაყრელი ეკონომიკური ზონის“ შექმნა ცხინვალის რეგიონში ხელს შეუწყობს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარებას.


“ჩრდილოეთის მხრიდან, ყველაზე ხელსაყრელი ეკონომიკური ზონის საზღვარი შესაძლოა ჩრდილოეთ ოსეთის ალაგირის რაიონზე გავიდეს, ხოლო სამხრეთის მხრიდან – გორის რაიონზე“, განაცხადა ძასოხოვმა.



 

მსგავსი/Related

Back to top button