ახალი ამბები

რუსული პრესა აფხაზეთის შესახებ – 19 ნოემბერი

რუსული პრესის ყურადღება კვლავ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებისკენაა მიმართული, სადაც არჩევნების შემდგომი პერიოდი საკმაოდ დაძაბულად წარიმართა. ყოველდღიურ გაზეთ “კომერსანტის“ ცნობით, ოპოზიციის ლიდერის სერგეი ბაღაფშის მთავარი მეტოქე ამჟამად აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი ნოდარ ხაშბაა, რადგანაც სახელისუფლებო კანდიდატი რაულ ხაჯიმბა “თამაშგარე მდგომარეობაში“ აღმოჩნდა. “ნეზავისიმაია გაზეტა“ ყურადღებას ამახვილებს მოსაზრებაზე, თითქოს ნოემბრის დასაწყისში მოსკოვში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძესა და სერგეი ბაღაფშს შორის საიდუმლო შეხვედრა გაიმართა.
 
19 ნოემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში “კომერსანტი” აქცენტს იმ ფაქტზე აკეთებს, რომ აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაუმორჩილებლობის გამოცხადების შემდეგ, პარლამენტმაც დაუჭირა მხარი ოპოზიციის ლიდერს სერგეი ბაღაფშს. 18 ნოემბერს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტმა დაგმო აფხაზეთის პროოპოზიციური გენერალური პროკურორის რაუფ კორუას თანამდებობიდან გათავისუფლების ფაქტი.
 
“ამავდროულად, აფხაზმა სამხედროებმა თავიანთი “ნეიტრალური პოზიციის“ შესახებ საჯაროდ განაცხადეს და დე ფაქტო პრეზიდენტის [ვლადისლავ არძინბას] მიმართ მხარდაჭერა დაადასტურეს“, აცხადებს “კომერსანტი“ და მოჰყავს აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის მოადგილის გარი კუპალბას სიტყვები, “ჩვენ ერთი მთავარსარდალი გვყავს – პრეზიდენტი. ჩვენ არ გვაქვს უფლება პოლიტიკაში ჩავერიოთ“.


“მოსკოვის ფავორიტი კანდიდატი რაულ ხაჯიმბა [პრეზიდენტობის სახელისუფლებო კანდიდატი] თანთადან თამაშიდან გავიდა. შედეგად, რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს წარმომადგენელი ნოდარ ხაშბა, რომელიც ამჟამად აფხაზეთის პრემიერ-მინისტრია, ხდება სერგეი ბაღაფშის მთავარი მეტოქე. ამჟამად, ხაშბას მთავრობა სოხუმის გარეთ ერთ-ერთ სანატორიუმშია განლაგებული, რადგანაც [თვითგამოცხადებული რესპუბლიკის] დედაქალაქს ოპოზიციის მხარდამჭერები აკონტროლებენ. სანატორიუმის უსაფრთხოებას სამთავრობო და პრეზიდენტის დაცვა უზრუნველყოფს. გავრცელებული ცნობით, სანატორიუმს რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის ჯარისკაცებიც იცავენ “, აცხადებს “კომერსანტი“.
 
გაზეთი ყურადღებას ამახვილებს ასევე რუსეთის გადაწყვეტილებაზე, რომელიც აფხაზეთთან საზღვარზე შეზღუდვების დაწესებას უკავშირდება, რაც სხვა არაფერია, თუ არა ზეწოლა აფხაზეთის ოპოზიციაზე. “კომერსანტი“ აცხადებს სერგეი ბაღაფშის წარმომადგენელზე დაყრდნობით, რომ “აფხაზ ხალხზე ამგვარი ზეწოლა არანაირ შედეგს არ მოიტანს“.
 
ყოველდღიური გაზეთი “ნეზავისიმაია გაზეტა” აცხადებს, რომ ხმებმა ბურჯანაძესა და ბაღაფშს შორის მოსკოვში გამართული საიდუმლო მოლაპარაკებების შესახებ შესაძლოა უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს ბაღაფშზე, რომელსაც მუდმივად აკრიტიკებენ ოპონენტები “პროქართული“ პოზიციის გამო, რადგანაც მისი მეუღლე ეთნიკური ქართველია.
 
“ნეზავისიმაია გაზეტას“ მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ ცხადყო, რომ ვერც ერთმა მხარემ, მათ შორის ბაღაფშის ოპონენტებმაც, ამგვარი შეხვედრის ფაქტი ვერ დაადასტურეს . “ბაღაფში განცვიფრდა, როდესაც ეს ინფორმაცია გაიგო“, აცხადებს “ნეზავისიმაია გაზეტა“.
 
“ეს ბინძური მონაჭორია. როგორც ჩანს, ჩემი პროქართული ორიენტაციის თაობაზე მითის შეთხზვა, იმის გამო, რომ  ჩემი მეუღლე ქართველია, საკმარისი არ აღმოჩნდა“, განაცხადა ბაღაფშმა. “ნეზავისიმაია გაზეტას“ ცნობით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემაც უარყო ბაღაფშთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია.
 
გაზეთ “იზვესტიაში”  საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჰეიდი ტალიავინის პოზიციაა გამოქვეყნებული. “გაეროს დამკვირვებელთა მისია საქართველოში არ არის დაინტერესებული აფხაზეთში სიტუაციის დესტაბილიზაციაში. არც გაეროს უშიშროების საბჭო, არც გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების ჯგუფი არ აპირებს გაეროს წესდების მე-7 მუხლი აამოქმედოს [რომელიც მშვიდობის ძალით დამყარებას ითვალისწინებს]“, აცხადებს “იზვესტია“ ტალიავინის სიტყვებზე დაყრდნობით.
 
“იზვესტია“-ს ინტერპრეტაციით, აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებში რუსეთის ჩარევის ფაქტის დაგმობის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართვა გაეროსა და საერთაშორისო საზოგადოების მიმართ  არის თბილისის მინიშნება “გაეროს მისიის მანდატის არსებული მე-6 მუხლის, რომელიც მშვიდობის მხარდაჭერას ითვალისწინებს, მე-7 მუხლით შეცვლის თაობაზე“.   
 

მსგავსი/Related

Back to top button