ახალი ამბები

ტალვიტიე: ცხინვალის რეგიონში ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალა

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ჰეიკი ტალვიტიე, რომელიც საქართველოში ვიზიტის დროს 18 ნოემბერს ცხინვალის რეგიონსაც სტუმრობდა და დე ფაქტო პრეზიდენტს ედუარდ კოკოითს შეხვდა, აცხადებს, რომ 5 ნოემბერს სოჭში პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასა და ედუარდ კოკოითის შეხვედრის შემდეგ კონფლიქტის ზონაში ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალა.
 
“განსაკუთრებით კი მხარეებს შორის ნდობის აღდგენის მხრივ. ახლა მთავარია დემილიტარიზაციისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმებების შესრულება”, განაცხადა 18 ნოემბერს პრესკონფერენციაზე ჰეიკი ტალვიტიემ.
 
“დემილიტარიზაცია და სტაბილური ვითარება რეგიონში ეკონომიკური პროექტების დაწყების საფუძველი უნდა გახდეს, რის დასაფინანსებლადაც ევროკავშირი მზად არის“, აცხადებს ტალვიტიე.
 
ამის შემდგომი ნაბიჯი კი, ტალვიტიეს თქმით, უკვე უნდა იყოს რეგიონის სტატუსის განსაზღვრა.
 
18 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე, ევროკავშირის წარმომადგენელი აფხაზეთის საკითხსაც შეეხო. “ევროკავშირი გაეროსთან ერთად თვალყურს ადევნებს იქ მიმდინარე მოვლენებს, ვითარება საკმაოდ დაძაბულია“, განაცხადა ჰეიკი ტალვიტიემ.
 
“სივილ ჯორჯიასთან“ საუბრისას ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური კონფლიქტების მოგვარებისკენ  საქართველოს ხელისუფლების მცდელობა დადებითად შეაფასა. “ევროკავშირი ტერიტორიული მთალიანობის აღდგენას მხოლოდ მშვიდობიანი გზით უჭერს მხარს“, განაცხადა ტალვიტიემ. 

მსგავსი/Related

Back to top button