ახალი ამბები

ცხინვალის რეგიონში ქართველ სამშვიდობოთა როტაციას დაბრკოლება შეექმნა

18 ნოემბერს ცხინვალის რეგიონში ქართველ სამშვიდობოთა როტაციის პროცესი შეფერხდა. ქართული მედიის ცნობით,  სამშვიდობოები ცხინვალში არ შეუშვეს, რის მიზეზადაც  დანაღმული ტერიტორიების არსებობა დასახელდა. გავრცელებული ცნობით, ამავე მიზეზით რუსმა სამშვიდობოებმა ქართველ კოლეგებს უსაფრთხოების გარანტია ვერ მისცეს.


ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრი რობერტ გულიევი ოსი სამართალდამცავების მიერ ქართული სამშვიდობო ბატალიონის ცხინვალში არ შეშვების ფაქტს ადასტურებს, თუმცა მიზეზად მათ მიერ “კონფლიქტის ზონაში ორი საზენიტო დანადგარის შეტანის მცდელობას” ასახელებს. 

ამავდროულად, ოსური მხარე კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გოგა ხაინდრავას განცხადებას, როკის გვირაბის გავლით სამხრეთ ოსეთში იარაღის შეტანის თაობაზე, უარყოფს. 
 
“იარაღის შემოტანის მცდელობა მართლაც იყო, მაგრამ არა რუსეთის, არამედ თბილისის მხრიდან“, ნათქვამია 18 ნოემბერს ე.წ სამხრეთ ოსეთის ბეჭვდისა და ინფორმაციის კომიტეტის განცხადებაში.
 
სააგენტო “რია  ნოვოსტი“-მ 18 ნოემბერს გაავრცელა გოგა ხაინდრავას განცხადება ცხინვალის რეგიონში როკის გვირაბის გავლით იარაღის შეტანის შესახებ. “კიდევ ერთი ავტოკოლონა შემოვიდა როკის გვირაბით, ეს ის ტერიტორიაა, რომელსაც ქართული მხარე ვერ აკონტროლებს“, განაცხადა ხაინდრავამ ვლადიკავკაზში შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომაზე გამგზავრებამდე.


ამ განცხადების გამო ოსურმა მხარემ სახელმწიფო მინისტრი 19-20 ნოემბერს ვლადიკავკაზში დაგეგმილი შსკ-ს სხდომის ჩაშლის მცდელობაში დაადანაშაულა.


 

მსგავსი/Related

Back to top button