ახალი ამბები

არასამთავრობო ორგანიზაციები პრეზიდენტთან შეხვედრას “საარჩევნო კოდექსის” გამო ითხოვენ

17 ნოემბერს ხუთმა არასამთვარობო ორგანიზაციამ პრეზიდენტ სააკაშვილს წერილით მიმართა და “საარჩევნო კოდექსში” მიღებულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეტენზიების გამოსახატავად მასთან შეხვედრა ითხოვა.


“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ”, ფონდმა “სამართლიანი არჩევნები”, “ახალი თაობა – ახალი ინიციატივა”, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” და “თავისუფლების ინსტიტუტმა” წერილით მიმართეს ასევე პარლამენტის თავმჯდომარეს, სადაც “საარჩევნო კოდექსში” ცვლილებების, რომელიც პარლამენტმა 11 ნოემბერს პირველი მოსმენით დაამტკიცა, განხილვის პროცედურის შეჩერებას ითხოვენ.


პარლამენტის მიერ, როგორც არასამთვარობოები აცხადებენ “ნაჩქარევად მიღებული”, ვარიანტი საარჩევნო ადმინისტრციების პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებას ითვალისწინებს. თუმცა მესამე სექტორის წარმომადგენლების აზრით, მიღებული ვარიანტი “პროფესიონალიზმისაგან ძალიან შორს დგას” და მასში უამრავი დებულება მიუღებელია.


“გარდა ამისა ჩვენ ვაპროტესტებთ იმ ფაქტს, რომ კანონში ცვილებების შეტანა ფრაგმენტულად, საზოგადოებრივი აზრის გაუთვალისწინებლად და წინასწარი განხილვის გარეშე ხდება და მოვითხოვთ, კომპლექსური ცვილებების მომზადებას. ამის თოაბაზე ჩვენ პარტნიორებთან ერთად მომზადებული ახალი წინადადებები უკვე გავუგზავნეთ პრეზიდენტსა და პარლამენტს”, განუცხადა “სივილ ჯორჯიას” თამარ ჟვანიამ, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” დირექტორმა.


18 ნოემბერს აშშ-ს “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” ინიციატივით იმართება მრგვალი მაგიდა, სადაც პარლამენტარები, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები საარჩევნო კანონმდებლობაზე იმსჯელებენ.


 

მსგავსი/Related

Back to top button