ახალი ამბები

კოკოითი ტალვიტიეს შეხვდა

ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი დღეს ცხინვალში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ჰეიკი ტალვიტიეს და საქართველოში ეუთო-ს მისიის ხელმძღვანელს როი რივს შეხვდა.
 
შეხვედრაზე განიხილეს 5 ნოემბერს სოჭში პრემიერ-მინისტრთან ზურაბ ჟვანიასთან მიღწეული შეთანხმება კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციის შესახებ. კოკოითმა სოჭის შეხვედრა პოზიტიურად შეაფასა.
 
“ოსური მხარე ყველაფერს აკეთებს რეგიონში სტაბილიზაციის შესანარჩუნებლად. საჭიროა შეთანხმების შესრულება და რეგიონიდან შეიარაღებული ფორმირებების გაყვანა“, განაცხადა შეხვედრის დროს კოკოითმა.
 
“სირთულეების მიუხედავად მიღწეული შეთანხმებები უნდა შესრულდეს“, აღნიშნავს ჰეიკი ტალვიტიე.
 
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების საგანგებო საქმეთა მინისტრმა ბორის ჩოჩიევმა, რომელიც შეხვედრას ასევე ესწრებოდა, ქართული მხარე შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა. “მაშინ, როცა დემილიტარიზაციის პროცესი დაწყებულია, ქართულ მხარეს სოფელ ახალსოფელში სამხედრო შენაერთები შეჰყავს, სოფელ ძევერაში კი რეზერვისტების ბანაკია განთავსებული“, აცხადებს ჩოჩიევი. 
 
დღესვე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ბეჭვდისა და ინფორმაციის კომიტეტი შერეული სამშვიდობო ძალების შტაბის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას რეგიონში ცეცხლის გახსნის თაობაზე.
 
“ღამით დაფიქსირდა სროლები ქართულ სოფელ თამარაშენში, აჩაბეთში, ხეითში და ცხინვალის სიახლოვეს“, ნათქვამია 17 ნოემბერს გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
 

მსგავსი/Related

Back to top button