ახალი ამბები

აფხაზეთის პარლამენტის სპიკერი პრეზიდენტად ბაღაფშს აღიარებს, მილიცია კი დაუმორჩილებლობას აცხადებს

12 ნოემბერს აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში განვითარებული მოვლენების, როგორც ამას მოსკოვმა უწოდა “სახელმწიფო გადატრიალების” შემდეგ, როცა ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის სერგეი ბაღაფშის მომხრეებმა სამთავრობო რეზიდენცია შტურმით აიღეს და დე ფაქტო ხელისუფლება აიძულეს თავიანთი მოვალეობების შესრულება სამთავრობო აგარაკიდან გაეგრძელებიათ, მხარეები ერთმანეთთან ულტიმატუმების ენით განაგრძობენ ურთიერთობას. მათი პოზიციები კვლავაც რადიკალურად განსხვავებული რჩება. თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ფაქტიურად ორხელისუფლებიანობის პრეცედენტი შეიქმნა.

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტმა ვალერი არშბამ 17 ნოემბერს განაცხადა, რომ აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს 2,000-ზე მეტმა თანამშრომელმა დაუმორჩილებლობა გამოუცხდა პრემიერ-მინისტრ ნოდარ ხაშბას. ისინი აფხაზეთის მთავრობას სიტუაციის დესტაბილიზაციაში ადანაშაულებენ.

“აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს 2,000-ზე მეტმა თანამშრომელმა, გარდა მინისტრისა და ერთი მოადგილისა, დაუმორჩილებლობა გამოუცხადა აფხაზეთის მთავრობას, რომელიც მათი შეფასებით, ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკას ახორციელებს“, აცხადებს ქართული და რუსული მედია ვალერი არშბას სიტყვებზე დაყრდნობით. 

როგორც ჩანს, დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი ნოდარ ხაშბა 15 ნოემბერს სააგენტო “რეგნუმთან” გაკეთებულ განცხადებაში, რომ  “გარკვეული პრობლემები არსებობს სოხუმის პოლიციასთან მიმართებაში“, აღნიშნულ დაუმორჩილებლობას გულისხმობდა.

ამავდროულად, აფხაზეთის ოპოზიცია აცხადებს, რომ ხაჯიმბა და მისი მომხრეები ამზადებენ სცენარს, რომლის მიხედვითაც ძალაუფლება ამჟამინდელ დე ფაქტო პრემიერ-მინისტრს ნოდარ ხაშბას გადაეცემა. ეს უკანასკნელი მოსკოვმა მას შემდეგ დანიშნა ამ თანამდებობაზე, რაც რეგიონში 3 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კრიზისი გამწვავდა.  

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ფარული გეგმების შესახებ ოპოზიციის განცხადებას საეჭვოდ ემთხვევა რაულ ხაჯიმბას ახალი ინიციატივა. 17 ნოემბერს “რია ნოვოსტი“აცხადებს, რომ სახელისუფლებო კანდიდატი რაულ ხაჯიმბა მზად არის მოხსნას თავისი კანდიდატურა, თუ სერგეი ბაღაფშიც იგივეს გააკეთებს.

აღნიშნულ საკითხზე ოპოზიციის ლიდერის სერგეი ბაღაფშის რეაქცია ჯერ-ჯერობით უცნობი რჩება; თუმცა ცნობილია ბაღაფშის უკანასკნელი შეთავაზება ოპონენტების მიმართ, რომელიც ითვალისწინებს კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას, სადაც ერთ-ერთი სამინისტროს ხელმძღვანელობას ხაჯიმბას სთავაზობს. ცოტა ხნის წინ ბაღაფშმა განაცხადა, რომ იგი არ წავა კომპრომისზე, რადგანაც იგი აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის არჩეული პრეზიდენტია.  ბაღაფში საპრეზიდენტო ინაუგურაციისთვის ემზადება.

სააგენტო “რეგნუმი” 17 ნოემბერს თვითგამოცხადებული პარლამენტის თავმჯდომარის ნუგზარ აშუბას სიტყვებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ “კანონიერად არჩეული პრეზიდენტი სერგეი ბაღაფშია – ეს ხალხმა უკვე გადაწყვიტა [3 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე]”.

ნოდარ აშუბა აცხადებს, რომ “კატეგორიულად არ ეთანხმება [მოქმედი პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას 29 ოქტომბრის] გადაწყვეტილებას, განმეორებითი არჩევნების დანიშნვის თაობაზე”. ამ განცხადებით, აფხაზეთის საკანონმდებლო ორგანოს სპიკერი დე ფაქტო მთავრობისა და სახელისუფლებო კანდიდატის რაულ ხაჯიმბას მოთხოვნების საწინააღმდეგო პოზიციებზე დგება.

აფხაზეთის ოპოზიციური მოძრაობების “ამცახარას“, “აიტაირას“ და “ერთიანი აფხაზეთის“ ლიდერებმა რუსეთის მთავრობას 16 ნოემბერს მიმართვა გაუგზავნეს, რომელშიც ისინი 12 ნოემბერს მთავრობის სახლის წინ პრეზიდენტობის კანდიდატების სერგეი ბაღაფშის და რაულ ხაჯიმბას მომხრეებს შორის მომხდარი შეტაკების გამო მთელ პასუხისმგებლობას ხაშბას აკისრებენ. ამ შეტაკებას შედეგად  აფხაზი პროფესორის თამარ შარკილის სიკვდილი მოჰყვა.


“ხაშბამ იგნორირება გაუკეთა საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნას გამოსულიყო აქციაზე, რასაც საბოლოოდ ტრაგედია მოჰყვა“, ნათქვამია ოპოზიციის  მიმართვაში.


ოპოზიცია ხაშბას ასევე რუსეთის ჯარის აფხაზეთში შემოყვანის მცდელობაშიც სდებს ბრალს. ეს მიუღებელია თვითგამოცხადებული აფხაზეთის პარლამენტის სპიკერისთვისაც. ნოდარ აშუბას განცხადებით, აფხაზეთი “ყოველთვის უკავშირებდა [თავის] უსაფრთხოებას რუსეთის არმიას, თუმცა არა იმისთვის, რომ  მათი დახმარებით გავარკვიოთ ვინ არის ჩვენი პრეზიდენტი”.


რუსულ საინფორმაციო სააგენტო “იტარ-ტასს“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ნოდარ ხაშბამ უარყო აფხაზეთის ოპოზიციის ბრალდებები, რომლის მიხედვითაც“ხაშბამ მოუწოდა რუსეთის ადმინისტრაციას რეგიონში წესრიგის აღსადგენად ჯარები შეიყვანოს აფხაზეთში“.
 
“მე მართლაც ვუჭერ მხარს რუსეთის პოზიციას აფხაზეთთან მიმართებაში, მაგრამ უპირველეს ყოვლისა მე პროაფხაზური პრემიერ-მინისტრი ვარ და არასოდეს მითხოვია რუსეთისთვის ჯარები გამოეგზავნა აფხაზეთში“, განაცხადა ხაშბამ 16 ნოემბერს.
 
მისი თქმით, იგი კვლავ განაგრძობს მოლაპარაკებებს პრეზიდენტობის კანდიდატებთან. “სერგეი ბაღაფში [ოპოზიციის ლიდერი] დამპირდა, რომ მოაგვარებს სამთავრობო შენობებიდან მისი მხარდამჭერების გაყვანის საკითხს“, დასძენს მთავრობის შენობიდან იძულებით გადაადგილებული ხაშბა.  


ამავდროულად, თბილისი კვლავ ინარჩუნებს ნეტრალიტეტს აფხაზეთში განვითარებული მოვლენების მიმართ.  კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გოგა ხაინდრავას განცხადებით, აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში მიმდინარე მოვლენები ადასტურებს, რომ აფხაზ ხალხს “აღარ სურთ იყვნენ რუსეთის ინტერესების მსახურები“.


“მე არ ვიცი ვის უფრო მეტი შანსები აქვს ხელისუფლებაში მოსვლის, მაგრამ ვიცი, რომ აფხაზმა ხალხმა აირჩია სერგეი ბაღაფში. ჩვენ დავიწყებთ მოლაპარაკებებს ნებისმიერ ადამიანთან ვინც მოვა სათავეში, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანი გამოხატავდეს საკუთარი ხალხის და არა რომელიმე ქვეყნის ინტერესებს”, განუცხადა ხაინდრავამ 16 ნოემბერს სააგენტო “რეგნუმს”.


 

მსგავსი/Related

Back to top button