ახალი ამბები

სააკაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

16 ნოემბერს პრეზიდენტმა სააკაშვილმა კანცელარიაში მორიგი შეხვედრა გამართა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, სადაც რელიგიურ საკითხებზე, სიტყვის თავისუფლებაზე, ადამიანის უფლებათა დაცვაზე და მართლმსაჯულების სისტემაზე გაიმართა მსჯელობა.


პრეზიდენტმა პირველი კომენტარი გააკეთა მართლმადიდებელ ეკლესიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც სასულიერო აკადემიაში სტუდენტებს შორის წარმოქნილ დაპირისპირებას ეხება.  მან მოუწოდა პოლიტიკოსებს თავი შეიკავონ ეკლესიის შიდა საქმეებში ჩარევისაგან, ხოლო მედიას მოვლენათა გაშუქებისას ზედმეტი დრამატიზებისაგან თავშეკავება ურჩია, “არა როგორც პრეზიდენტმა, არამედ როგორც ჩვეულებრივმა მოქალაქემ”.


“არავის აქვს უფლება ჩაერიოს არც ჩვენი ეკლესიისა და არც სხვა კონფესიათა შიდა საქმეებში. იმის გათვალისწინებით, რომ კონსტიტუცია მართლმადიდებელ ეკლესიას განსაკუთრებულ როლს ანიჭებს, ჩვენ მოვალენი ვართ დავიცვათ იგი გარე ზემოქმდეგებისაგან”, განაცხადა პრეზიდენტმა.


პრეზიდენტთან სამსაათიანი დახურული შეხვედრიდან გამოსული მესამე სექტორის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ განსაკუთრებული ვნებათაღელვა პრესის თავისუფლების საკითხის და მართლმსაჯულებაში არსებული ხარვეზების განხილვამ გამოიწვია.


ცოტა ხნის წინ ამ თემების ირგვლივ არსებული პრეტენზიები მესამე სექტორის წარმომადგენელბმა პრეზიდენტს ღია წერილის საშუალებით გააცნეს.

მსგავსი/Related

Back to top button