ახალი ამბები

ზურაბიშვილმა და ტალვიტემ კონფლიქტების საკითხები განიხილეს

საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის წარმომადგენელთან ჰეიკი ტალვიტესთან 16 ნოემბერს შეხვედრის დროს ქართულ-აფაზურ და ქართულ-ოსური კონფლიქტების საკითხები განიხილა.
 
“ალბათ საჭიროა ევროკავშირი რამენაირად გამოეხმაუროს და შეფასება მისცეს აფხაზეთში შექმნილ სიტუაციას, ვინაიდან ეს დუმილი შესაძლოა სხვანაირად იყოს აღქმული რუსეთის მიერ. მაგრამ, მათ გვითხრეს, რომ აქვთ უშუალო კონტაქტები მოსკოვთან და სწორედ იქ აცნობებენ თავიანთ შეხედულებებს ამ სიტუაციაზე“, განაცხადა შეხვედრის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა.
 
მინისტრის ინფორმაციით, მომავალ კვირას გაიმართება ევროკავშირის და რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრა, სადაც განიხილება საქართველოსა და კავკასიის რეგიონის საკითხები,“რასაც ადრე რუსეთი არ თანხმდებოდა, მაგრამ ევროკავშირმა დღეს უკვე უმკაცრესად დასვა ეს საკითხი“
 
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ცხინვალში მიმდინარე მოვლენები ჰეიკი ტალვიტესთან დეტალურად არ განხილულა. “ამ საკითხზე 18 ნოემბერს შერეული საკონტროლო კომისია იმსჯელებს”, აცხადებს მინისტრი. 

მსგავსი/Related

Back to top button